ჯემალ სეფიაშვილი

ჯემალ სეფიაშვილი -1947 წლის 19 თებერვალს დაიბადა. ჰყავს მეუღლე – მანანა სეფიაშვილი და ქალიშვილი – ცისანა.

მუსიკა მომავალ კომპოზიტორს ბავშვობიდან იტაცებდა. დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა.

1965 წელს ჯემალ სეფიაშვილმა თბილისის 37-ე საშუალო სკოლა, 1975 წელს  – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ ასპირანტურა სპეციალობით „ელექტრო-გამოთვლითი მანქანები“ წარჩინებით დაამთავრა.

1968 წლიდან იგი ზეინკლად და თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში ინჟინრად მუშაობს. თავისუფალ დროს კი, ქარხნის თვითმოქმედ ანსამბლში „მელოდია“ ატარებს, სადაც პირველი სიმღერა „სიყვარულის სანთლები“ ცირა კაკაბაძის ლექსზე შექმნა, რომელიც კვარტეტმა „თბილისმა“ შეასრულა. 1969 წელს ეს კომპოზიცია საუკეთესო სიმღერად აღიარეს.

1970 წელს სიმღერა „დაშვებული ფარდები“ კვლავ წლის საუკეთესო სიმღერად შეფასდა.

ორი წლის შემდეგ, ირმა სოხაძის სოლო-კონცერტზე კომპოზიტორის 12 სიმღერა შესრულდა, რაც საზოგადოებამ სერიოზულ სამომავლო განაცხადად აღიქვა.

1970 – 1986 წწ. ჯემალ სეფიაშვილი კორესპონდეტად და საქტელერადიოკომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად მუშაობდა.

1979 წელს, მორის ფოცხიშვილის ლექსებზე  მისი ორი ალბომი: „ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდობა“ და „ოჰ, ეს სტუდენტობა“ გამოვიდა, რომლიც ანსამბლმა „ორიონმა“ ჩაწერა.

1985 წელს კომპოზიტორმა ვ.სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის სპეციალობით დაამთავრა.

1986 – 1987 წწ. ჯემალ სეფიაშვილი თბილისის სადღესასწაულო სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელად, მოსწავლეთა მხატვრული აღზრდის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად (1987 – 1990) და თეატრ-სტუდია „ჯორჯიას“ მუსიკალურ ხელმძღვანელად (1990-1991) მუშაობდა.

1991 წელს, კომპოზიტორი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკურ ცენტრში კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება.

1995 – 2001 წლებში იგი დიპლომატიურ სამსახურშია. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩის მრჩევლად და კულტურის საკითხებში უფროს მრჩევლად მუშაობდა.

1992 წლიდან იგი ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ფედერაციის წევრია.

1989 წელს 9 აპრილს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, კომპოზიტორი გამოეხმაურა შედევრით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ . ეს სიმღერა, რომლის ჩაწერაშიც ყველა თაობის 62 ცნობილი მომღერალი მონაწილეობდა, სიყვარულისა და სამშობლოსადმი ერთგულების ჰიმნად იქცა.

1997 წელს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშივილის 50 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიტორის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო „ბრავი, მაესტრო!“ გაიმართა და ამავე სახელწოდების ორმაგი ალბომი გამოიცა.

1998 წლის 10 სექტემბერს თბილისში, რიყეზე, ღია ცის ქვეშ კომპოზიტორის საავტორო კონცერტი „შალომ, ისრაელო!“ გაიმართა, რომლიც საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 26 საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა.

1999 წელს, რეზო ამაშუკელის ლექსზე  სიმღერა „გიხაროდენ“ დაიწერა, რომლის ჩაწერაშიც 40 ცნობილმა ქართველმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა.

2000 წელს სიმღერა „გაზაფხული შემოსულა ლენ!“ მურმან ლებანიძის ლექსზე მე-20-ე საუკუნის საქართველოს 20 საუკეთესო სიმღერის შორის იქნა დასახელებული.

2001 წელს კომპოზიტორის მეოთხე ალბომი „ ჯემალ სეფიაშვილი. ახალი ალბომი“ გამოვიდა.

ჯემალ სეფიაშვილი სიყვარულს, მშვენერებას, მეგობრობას, საქართველოს, თბილისს უმღერის და ყოველივე ეს გრძნობების ჭეშმარიტებითა და გულრწფელობით ერთ თაიგულად არის შეკრული. ეს სიმღერები უყვრთ, მათ აფასებენ.

ჯემალ სეფიაშვილი საქართველოს პრემიის ლაურეატია. (1980 – სიმღერათა ციკლისთვის „ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდობა!“ და „ოჰ, ეს სტუდენტობა!“ )

იგი საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატია ( 1989 – სიმღერისთვის „ვაჩუქოთ ერთმანეტს ტიტები“; 1998 – 1997-1998 წლებში შექმნილი ახალი სიმღერებისთვის და ნაყოფიერი საკონცერტო მოღვაწეობისთვის).

აკაკი წერეთლის სახ. პრემიის ლაურეატი (1993 – საბავშვო მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის);

„ღირსების ორდენის“ კავალერია (1997 – ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის).

მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად, ჯემალ სეფიაშვილი 1998 წლის საუკეთესო საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეთა ათეულში დასახელდა.

დღემდე აქტიურად ანებივრებს გულშემატკივარს ახალი სიმღერებით და განაგრძობს მოღვაწეობას მუსკალურ სამყაროში.

დისკოგრაფია

„ბრავო, მაესტრო“ – 1997

„ჯემალ სეფიაშვილი. ახალი ალბომი“ – 2001.