ლელა თათარაიძე

ლელა თათარაიძე – დაიბადა 1949 წლის 3 ივლისს ზემო ალვანში.

მომღერალი, სოლო შემსრულებელი (გარმონი, ფანდური) სიმღერების ავტორი

იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში დაიბადა. საშუალო განათლება ალვანის სკოლაში მიიღო. 1971 წელს თბილისის, სერგო ზაქარიაძის სახ. კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა.

მთელი ცხოვრების მანძილზე, ლელა თათარაიძე მშობლიურ ალვანში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში , შემდეგ, თბილისში, საქართველოს სახ. ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. გარკვეული ხანი ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ამას სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორულ ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა.

პარალელურად საქართველოს სახ. ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „კელაპტრის” სოლისტი იყო. სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „თუშეთი”.

1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახ. ეროვნულ თეატრში, სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო „ქართულ ჰანგს”.

2000 წელს ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი „კესანე” ჩამოყალიბდა. ლელა თათარაიძე კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია.

ხშირად მონაწილეობდა კულტურულ პროექტში: ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით). მრავალი ოქროს მედლისა და პრიზის მფლობელია. პერიოდულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში. სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში ლელა თათარაიძის შემოქმედების მრავალი ნიმუში ინახება. იგი მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორია. დამუშავებული და არანჟირებული აქვს თუშური მელოდიები.

დისკოგრაფია

“ვერცხლის თასადამც მაქცია” – “მელოდია”, სოლო გრამ-ფირფიტა, 1988

“დილის ჯანღი” – ჰოლანდია – შერეული CD, 1999

“სულის სალბუნი” – კვარტეტ “კესანე” – CD, საფრანგეთში, 2002

“კელაპტარი” – 2 CD, 2003-2004 .

“სამცხის ღამე” – სოლო CD, სტ.”ქართული ჩანაწერები”, 2005

“ლელა თათარაიძე” – სოლო CD, სტ.”Sound Orbit”, 2007