მერაბ სეფაშვილი

მერაბ სეფაშვილი დაიბადა მომღერლების, ტრიო „ლალეს” წევრების, ედუარდ სეფაშვილის და ჯულიეტა მურადელის ოჯახში. ედუარდს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავდა ვაჟი თენგო, რომელიც მერაბზე 10 წლით უფროსი იყო. მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუების გარემოცვაში აღიზარდა, რადგან მშობლებს ხშირად გასტროლები ჰქონდათ. ის ბავშვობაში სიმღერის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და ინტერესს არ ამჟღავნებდა, თუმცა, სხვადასხვა მომღერლების მიბაძვა უყვარდა. მერაბი მეტად დინჯი და მორცხვი ბავშვი იყო, ის განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა, დაკავებული იყო სპორტული აქტივობებით, კერძოდ კალათბურთით, რომელზეც სპორტსმენ ბაბუას, ნიკოლოზ სეფაშვილს დაჰყავდა.

სიმღერა 15 წლის ასაკში დაიწყო. 16 წლისა უკვე მღეროდა ანსამბლში „რერო“, შემდეგ რობერტ ბარძიმაშვილის „ანსამბლ 75-ში” და ალექსანდრე ბასილაიასთან „ნატვრის ხეში“, განსაკუთრებული პოპულარობა კი მას „თეატრონში” გატარებულმა პერიოდმა მოუტანა, სადაც მერაბი მთავარი ვოკალისტი იყო, ანსამბლში გია მაჭარაშვილიც ირიცხებოდა, რომელიც ქმნიდა ძირითადად ანსამბლისთვის სიმღერებს, ასევე ასრულებდნენ ნუგზარ ერგემლიძის სიმღერებს.

1990-იანი წლების შემდეგ მერაბმა სოლო მოღვაწეობა დაიწყო. სხვადასხვა დროს მისი შესრულებით პოპულარული იყო სიმღერები: „მოდიოდა თეთრი გოგო“, „ერთმანეთს ვნატრობთ“, „სნეული ვარ“, „თეთრი რაში“, „გაიღიმე“, „ცხოვრება ერთი წამია” და სხვა. 2002 წელს თბილისში მეცენატმა და ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა ჩამოაყალიბა საპროდიუსერო კომპანია ART-იმედი. მასში გაწევრიანებული იყვნენ ისეთი მომღერლები, როგორიცაა: ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი და სხვა. მათ შორის მერაბ სეფაშვილიც, რომელიც ART-იმედის ერთ-ერთი უმთავრესი სახე და გენერალური მენეჯერი იყო.

1983 წელს, 22 წლის ასაკში დაქორწინდა მუსიკამცოდნე ნინო ჯურხაძეზე, წყვილს ორი ვაჟი ჰყავს — ნიკა და სანდრო.

2012 წლის 20 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ის საქართველოში ყველაზე ახალგაზრდაა იმ ადამიანებს შორის, ვისაც ვარსკვლავი გაუხსნეს.

2016 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე „ოქროს ტალღა“, მას  გადაეცა საპატიო ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

2017 წელს მომღერალმა საიუბილეო კონცერტი გამართა რუსთაველის თეატრში და სცენაზე მოღვაწეობის 40 წელი გრანდიოზულად აღნიშნა.

მერაბ სეფაშვილი დღემდე ანებივრებს თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერებით, წლის განმავლობაში იმყოფება სხვადასხვა ტურნეში და ატარებს უამრავ კონცერტს.