ქრისტინე იმედაძე

ქრისტინე იმედაძე  –   დაიბადა 1984 წლის 26 მარტს, თბილისში.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი – დრამისა და კინოს ფაკულტეტი.

მუსიკალური კარიერა პატარაობიდანვე დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში, პარალელურად ბალეტით იყო დაკავებული, ცეკვავდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ბალეტის ქორეოგრაფიულ სტუდიაში.13 წლის ასაკში კარიერა განაგრძო მონაკოში. პრინცესა გრეისის სახელობის საბალეტო აკადემიაში.

აქტიური სოლო კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. პარალელურადაც ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად მღეროდა ჯგუფში ოთხი გოგო (4G). 2009 წელს ჯგუფი, ქეთა თოფურიას გამოკლებით, საქართველოს ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსისთვის მომღერალ სტეფანე მღებრიშვილთან შევიდა კოლაბორაციაში და ექსპერიმენტული ჯგუფი ჩამოყალიბდა — სტეფანე და 3G. ჯგუფს მოსკოვში ჩასატარებელ კონკურსზე უნდა წარედგინა სიმღერა — „We Don’t Wanna Put in“, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო კონკურსის ორგანიზატორმა, ევროპის სამაუწყებლო კავშირმა, შეუსაბამოდ ჩათვალა კონკურსისთვის და ჯგუფი კონკურსზე არ დაიშვა.

მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ კინოშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.

2018 წელს იმედაძემ ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ზუზუ ბეჟაშვილი, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს.

გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი.

მისი ჰიტი „ქრისტინე“ დღემდე პოპულარულია.

ფლობს საკუთარი ტანსაცმლის ხაზს.