თამუნა ამონაშვილი

თამუნა ამონაშვილი – მომღერალი თამუნა ამონაშვილი 1964 წლის 8 ივლისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. 5 წლის ასაკში გოგონა მუსიკაზე შეიყვანეს, რადგან შეატყვეს რომ ხმა და სმენა ჰქონდა. ბავშვობაში თამუნა თბილი, მოსიყვარულე, ცოტათი ბუტია და ტკბილეულის უზომოდ მოყვარული იყო. მას დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. შესაბამისად იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. ის არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა – ვითომ ჩაიჭრა…

იმავე წელს თამუნამ თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. ჯგუფში საუკთესო სტუდენტად ითვლებოდა და თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მას მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება. კარგად იცის ამ სფეროს ყველა ნიუანსი.

ანსამბლი „ივერია“

მუსკომედიის ფაკულტეტმა მას დიდი გამოცდილება შემატა, რამაც ანსამბლ „ივერიაში“ პირველი გამოსვლისას დიდი დახმარება გაუწია. ანსამბლი „ივერია“ იმ დროის ყველაზე პოპულალურ ანსამბლად ითვლებოდა. ერთ-ერთმა სოლისტმა ანსამბლი დატოვა და ახალი მომღერლების არჩევა გამოცხადდა. თამუნას პედაგოგმა ემა ებრალიძემ ანსამბლის ხემძღვანელს  – ბუთხუზ ბასილაიას დაურეკა და რეკომენდაცია გაუწია. „ივერიის“ ხელმძღვანელს ძალიან მოეწონა თამუანას გარეგნობა, ხმის ტემბრი და დიაპაზონი, ასევე მისი არტისტული მონაცემები და სცენურობა. სინჯების შემდეგ მან დაიყოვნებლივ მიიღო წინადადება შეერთებოდა „ივერიის“ კოლექტივს და გასტროლებზე წაყოლოდა. თამუნამ ჩათვალა რომ გასტროლებისთვის ჯერ მზად არ იყო, თუმცა ანსამბლის ჩამოსვლისთანავე დაიწყო მათთან მუშაობა.

პირველად თამუნამ მონაწილეობა სპექტაკლში „თოვლის ბებო ბაბალე“ მიიღო.   იგი ამ სპექტაკლში მთავარი პერსონაჟის გარდა, კიდევ ორ როლს ასახიერებდა. მას 600 სპექტაკლში მოუწია თამაში, წარმოდგენები დღეში სამჯერ, ზოგჯერ კი ოთხჯერაც ტარდებოდა და ყოველთვის სრული ანშლაგით.   გარკვეული პერიოდის შემდეგ „ივერიამ“ ფუნქციონირება შეწყვიტა.

„მზე და შოკოლადი“

სწორედ  მაშინ  შეიქმნა  გოგონათა  ჯგუფი  “მზე და  შოკოლადი”,   რომელსაც პოპულალური კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ხელმძღვანელობდა.

ჯგუფში 4 გოგონა იყო, მათ ბევრი კონცერტი ჩაატარეს და გასტროლებით თითქმის მთელი საქართველო მოიარეს. როდესაც გოგონათა კვარტეტმა მოღვაწეობა შეწყვიტა, თამუნამ გადაწყვიტა სოლო კარიერის დაწყება…

სოლო-კარიერა

თამუნას პირველი სიმღერა ზურაბ ლალიაშვილის “ჩირო-ჩიორა” იყო. დროთა განმავლობაში მის რეპერტუარში გაჩნდა ნატო გელაშვილის, ოთარ ტატიშვილის, მერაბ მამულაშვილის, მიშიკო ზაქარეიშვილის, ზურაბ მახნიაშვილის და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა სიმღერები. თამუნა ხშირად მონაწილეობდა კონცერტებში, სატელევიზიო გადაცემებში, ჟურნალ-გაზეთებში მისი ინტერვიუები იბეჭდებოდა…  თამუნამ თავადაც სცადა დაეწერა სიმღერები – მას ხომ მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული: სიმღერის “მენატრები” ტექსტიც და მუსიკაც მომღერალს ეკუთვნის. „მენატრები“ გაჟღერებისთანავე აიტაცა და შეიყვარა მსმენელმა. სიმღერა ჯერ კონცერტების, რადიოსა და ტელევიზიის მეშვეობით იყო პოპულარული, მოგვიანებით კი ტექსტი და მელოდია უკვე დიდსა თუ პატარას ჰქონდა ყურში გამჯდარი; „მენატრების“  ყველა სიამოვნებით ისმენდა, მღეროდა, ღიღინებდა…

არანაკლები წარმატება ხვდა წილად სიმღერას „შენმა სიყვარულმა“, თამუნას პირველი ვიდეოკლიპი სწორედ ამ სიმღერაზე შეიქმნა.

1996 წელს გამოდის თამუნას პირველი აუდიო ალბომი “მენატრები”, იგი აუდიო კასეტებზე გამოიცა დ მასში 13 სიმღერა შევიდა, მათ შორის 3 ინგლისურენოვანი. „მენატრები“ იმ  დროის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ალბომი გახდა. პარალელურად, მომღერალი ანლამბლ “ივერიასათან” თანამშრომლობას განაგრძობდა და მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში „ფიროსმანი“ და „ჩხიკვთა ქორწილი“,  სადაც მან მელიას როლი განასახიერა.

პირველი CD

1999  წელს, თამუნა ამონაშვილმა კონტრაქტი ხმისჩამწერ სტუდიასთან  „გამმა“ გააფორმა. 2000 წელს კი უკვე გაყიდვაში გამოჩნდა თამუნას პირველი კომპაქტ-დისკი „ფიქრებით შენთან ვარ“. აღნიშნული ალბომი შეიძლება საავტოროდ ჩაითვალოს, რადგან ათიდან ცხრა სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ზურაბ მახნიაშვილია, ალბომში აგრეთვე შესულია თამუნას სავიზიტო ბარათი – სიმღერა „მენატრები“ გათნანამედროვებული არანჟირებით. ალბომის გამოსვლასთან ერთად სატელევიზიო ეთერში თამუნას ახალი ვიდეოკლიპები გამოჩნდა. პირველი ვიდეო იყო გადაღებული სიმღერაზე “ფიქრებით შენთან ვარ”. თამუნას შემდეგი ვიდეო “პირველ ღამეს” აღსანიშნავია იმით, რომ ეს პირველი ქართული ვიდეოკლიპია, რომელშიც შერწყმულია მულტიპლიკაცია და კინემატოგრაფია. სიმღერაც და ვიდეოკლიპიც მსმენელმა ძალიან დადებითად მიიღო.

სოლო-კონცერტი

2000 წლის 1 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თამუნა ამონაშვილის პირველი გრამდიოზული შოუ კონცერტი გაიმართა. ყველამ, ვინც  კონცერტზე დასწრება მოახერხა, ერთხმად აღიარა, რომ მსგავსი საღამო ფილარმონიას არ ახსოვს… თამუნამ 20-მდე სიმღერა შეასრულა, მათ შორის დუეტები დათო ფორჩხიძესთან და აჩიკო მეფარიძესთან.

დისკოგრაფია

“ფიქრებით შენთან ვარ” – 2000

“მენატრები” – 1996

“მერე რა” – 2006

რეკლამა: 0:05