LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არტერიული წნევა

118
ჰიპოტენზია

ჰიპოტონია ანუ არტერიული ჰიპოტენზია, ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით დაქვეითებულია არტერიული წნევა. ნორმულ მაჩვენებლად ითვლება 110-130/70-85 ჰიპოტონიის დროს არტერიული წნევა ქვეითდება 90/60-მდე და უფრო ქვევით. ჰიპოტონია შეიძლება განუვითარდეთ ჯანმრთელ ადამიანებს, მაგალითად, სპორტსმენებს, რეგულარული ფიზიკური დატვირთვისას. ამ დროს დაქვეითებული წნევა ორგანიზმის ერთგვარი დამცავი რეაქცია შეიძლება იყოს. წნევის დაქვეითება შეიძლება განაპირობოს კლიმატური პირობების ცვლილებამ, მომატებულმა ტენიანობამ, ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებამ, რადიაციამ.

არტერიულ ჰიპოტენზიაზე მეტყველებს შემდეგი სიმპტომებიც: ზოგადი სისუსტე, მოთენთილობა, ძილიანობა; მომატებული ოფლიანობა; სითბოს ცვლის პროცესების დარღვევა, პულსის გახშირება; ძილის დარღვევა; ემოციური არასტაბილურობა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი; გულის არეში ტკივილი; ქოშინი. ზოგჯერ ჰიპოტონია შეიძლება გამოვლინდეს გულის წასვლით, განსაკუთრებით – დახურულ სივრცეში, სადაც ნაკლებადაა სუფთა ჰაერი. თუ მომავალ დედას სისტემატურად აღენიშნება წნევის დაქვეითება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ჟანგბადით შიმშილი, პლაცენტის ჟანგბადით ცუდი მომარაგების გამო. ეს კი, თავის მხრივ, ნაყოფის განვითარებისთვის საფრთხის შემცველია.

ჰიპოტონიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. სისხლის, შარდის ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, სისხლში გლუკოზის შემცველობა, ცილოვანი სპექტრი, იონური შემადგენლობა. უნდა განისაზღვროს სისხლსა და შარდში კატექოლამინების დონეც, ენდოკრინული პროფილი. საჭიროებისამებრ კეთდება გულის ექოსკოპია, დოპლერომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტები. ზოგჯერ მკურნალობის დაწყებამდე სრულდება თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. ჰიპოტონიისას აუცილებელია ძილის მოწესრიგება, შრომისა და დასვენების გონივრული თანაფარდობის დაცვა, სრულფასოვანი კვება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, სეირნობა დღეში არანაკლებ 2 საათისა, ოთახების რეგულარული განიავება, ჰაერის დატენიანება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა. არ შეიძლება სხეულის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება, კარგია ორგანიზმის გაკაჟება და სხვა. ჰიპოტონია რომ არ განვითარდეს, რეკომენდებულია ცხოვრების შემდეგი წესების დაცვა: სრულფასოვანი კვება;ნდღე-ღამეში 8 საათი ძილი; ფიზიკური აქტივობა, რომ სისხლძარღვები მუდმივად ტონუსში იყოს, სხეულის მასის კონტროლი; წნევის მუდმივი კონტროლი და ექიმთან სისტემატური ვიზიტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები