ლოს-ანჯელესის პოლიცია ქუჩის რბოლების მონაწილეებს ავტომობილებს სამუდამოდ ჩამოართმევს. ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს რომლებიც არასანქცირებულ ქუჩის სარბოლო შოუებში იღებენ მონაწილეობას, მანქანებს ჩამოართმევენ და უკან აღარ დაუბრუნებენ. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებების მაყურებელს, რომელიც რბოლიდან 150 მეტრის რადიუსში იმყოფება, 2 ათასი დოლარით დააჯარიმებენ. მკაცრი ზომების მიღება მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გახდა საჭირო.
კალიფორნიის ხელისუფლება ქუჩის რბოლებთან დაკავშირებულ სასჯელს ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ამკაცრებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ ქუჩის მრბოლელს, რომლის გამოც მაყურებელი დაიღუპება, მკვლელობისთვის გაასამართლებენ. მოგვიანებით, პოლიციამ რბოლებისთვის ქუჩის პარკინგის გამოყენება აკრძალა, ყველა მონაწილეს კი მართვის მოწმობის ჩამორთმევით დაემუქრა.
ამიერიდან კი კანონი კიდევ უფრო დაუნდობელი იქნება, მრბოლელებს მანქანებს სამუდამოდ ჩამოართმევენ. სატრანსპორტო საშუალება კონფისკაციას დაექვემდებარება მაშინაც კი, როცა რბოლაში მონაწილე მისი მფლობელი არ არის.