LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტანა ნამდვილ ევროპაში გაერია: იტალია კვლავ ორი გუნდის იმედად დარჩა

32

გუშინ ღამით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი 5 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ ყველა იმ გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებენ.

გუშინდელი დღის ცენტრალური შეხვედრა ლევერკუზენში, ”ბაი არენაზე” გაიმართა. ადგილობრივმა ”ბაიერმა” რომის ”ლაციო” 3:0 გაანადგურა და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. პირველი შეხვედრა იტალიაში ”არწივებმა” მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. რომაელების დაცვის ხაზმა ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო. ”ბაიერმა” ”ლაციო” დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონშიც სერია ა-ს მხოლოდ და მხოლოდ ორი წარმომადგენელი ეყოლება, რაც იტალიური ფეხბურთისთვის კატასტროფის ტოლფასია.

”მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელმაც შინ ”ბრიუგეს” 3:1 მოუგო, ბელგიაში მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ”წითელმა ეშმაკებმა ბელგიელები არ დაინდეს: უეინ რუნიმ 878 წუთიანი უგოლო სერიის შემდეგ ”ბრიუგეს” სამი გოლი გაუტანა. ”იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგას დიდი იმედებით და შემართებით უბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ასევე მოახერხა ყაზახურმა ”ასტანამ”, რომელიც ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. ყაზახებმა ”აპოელთან” გასვლაზე 1:1 ითამაშეს, პირველი მატჩი კი შინ 0:0 მორჩა, სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე ჯგუფურ ეტაპზე სწორედ ”ასტანა” მოხვდა.

”პარტიზანმა” ვერ მოახერხა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. შეგახსენებთ, რომ სერბულმა კლუბმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან გორის ”დილა” გამოთიშა. სერბებმა ”ბატეს” კი მოუგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ბორისოვის გუნდი იასპარეზებს.

მოსკოვის ცსკა-მ ”სპორტინგი” 3:1 დაამარცხა, არადა რუსები პირველ ტაიმს 0:1 აგებდნენ, ხოლო ლისაბონში 1:2 ჰქონდათ წაგებული. სეიდუ დუმბიას დუბლითა და აჰმედ მუსას გადამწვეტი გოლით მოსკოველები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც შეაღწიეს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა დღეს 19:45 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები