გერმანულმა ავტომწარმოებელმა Audi-მ ისტორიული სარბოლო ავტომობილის – Auto Union Lucca-ს ზუსტი ასლი შექმნა. ორიგინალურმა მოდელმა 1935 წელს სიჩქარის რეკორდი დაამყარა და იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საგზაო სარბოლო ავტომობილად ითვლებოდა.
პროექტზე ბრიტანულმა საინჟინრო კომპანიამ Crosthwaite & Gardiner იმუშავა. ავტომობილი ძველი ფოტოებისა და ისტორიული დოკუმენტების მიხედვით თავიდან ააწყვეს. რეკონსტრუქციას სამი წელი დასჭირდა.
ისტორიული ავტომობილი პირველად იტალიაში იქნება წარმოდგენილი, მოგვიანებით კი მას Goodwood Festival of Speed-ზეც აჩვენებენ.

ორიგინალურმა Auto Union Lucca-მ რეკორდი 1935 წლის 15 თებერვალს დაამყარა, როდესაც იტალიის ქალაქ ლუკასთან მდებარე ავტობანზე 326.9 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
ავტომობილი განსაკუთრებული აეროდინამიკით გამოირჩეოდა -ძარა სპეციალურად იყო გაპრიალებული, ბორბლები კი დახურული დისკებით იყო დაფარული ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად.

ორიგინალური მოდელი 5 ლიტრიანი V16 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 375 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებდა. ავტომობილის წონა მძღოლთან ერთად დაახლოებით ერთ ტონას ოდნავ აღემატებოდა.
თანამედროვე რეპლიკაში ინჟინრებმა სხვა აგრეგატი გამოიყენეს – 1936 წლის Auto Union Type C-ის 6 ლიტრიანი ძრავი, რომელიც ვიზუალურად თითქმის იდენტურია. კომპრესორით აღჭურვილი სისტემა სპეციალურ საწვავზე მუშაობს და დაახლოებით 520 ცხენის ძალას ავითარებს.