LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი საქართველო დასველდა: ბორჯღალოსნებმა მსოფლიოსკენ მიმავალი გზა გაიმრუდეს

135
71593601-2464183597012058-2567710553980010496-n

საქართველოს ნაკრებმა ძალიან დასანანი და მოულოდნელი მარცხი განიცადა. ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ტთასზე თავისი მესამე მატჩი ჯგუფში მთავარ მეტოქესთან გამართეს და უშანსოდ წააგეს – 10:45. სწორედ ანგარიშია მოულოდნელი, თორემ გუნდების ძალა თითქმის თანაბარია და დაძაბულ ბრძოლას ველოდით.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ბრძოლა არ შედგა და ურუგვაისთან წინა, დიდებული გამარჯვების შემდეგ ასეთი შედეგი მივიღეთ.

ჯერ კიდევ მსოფლიო თასამდე ვიცოდით, რომ მთავარი დაპირისპირება სწორედ ფიჯელებთან გვექნებოდა. უელსი და ავსტრალია ჩვენზე წინ არიან, ურუგვაისთან მოსაგები მოვიგეთ და ჯგუფში მესამე ადგილისთვის თამაში სწორედ ჩვენს ტოლად მიჩნეულ კუნძულელებთან გვქონდა.

ეს მესამე ადგილი კი მოგეხსენებათ იმად არის ღირებული, რომ ჯგუფის მესამეადგილოსანი პირდაპირ ხვდება მომდევნო, 2023 წლის მსოფლიო თასზე. ახლა ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან ბუნდოვანია, წინ ერთი თამაში გვაქვს, ისიც ავსტრალიასთან და ცოტა სათუოდ მოჩანს ჩვენი შანსები.

პირველი ტაიმი 3:7 წავაგეთ, ჯამში კი 10:45 და ამით ყველაფერი ნათქვამია. მეორე ტაიმი ჩავაგდეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

ჩვენების ერთადერთი ლელო მეორე ნახევარში მამუკა გორგოძის ანგარიშზეა.

„ყველამ კარგად იცის როგორ თამაშობს ფიჯი და ამიტომ, დაცვაში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. მაგრამ მხოლოდ დაცვაში კარგი გარჯით დიდ თამაშებს ვერ მოიგებ და ბურთიც უნდა გამოიყენო. მნიშვნელოვანია კარგად ვითამაშოთ დაცვაში და ამავდროულად, ყველა შესაძლებლობა ქულებში ავსახოთ“ – ეს მილტონ ჰეიგის სიტყვებია თამაშამდე და უკვე აშკარაა, რომ მწვრთნელის ჩანაფიქრი და დავალება ვერ შესრულდა.

 

ოსაკაში წვიმდა და ცუდი ამინდი იყო. ეს ამინდის საკითხი საკმაოდ აქტუალური გახდა და ამაზე არაერთხელ გამახვილდა ყურადღება.

„ბურთი ჩვეულებრივზე მეტად სრიალებს. წვიმაზე უფრო დიდ პრობლემებს ნესტი ქმნის. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დაგვეხმარება კონცენტრაციაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ბურთის დაჭერა ძალიან ძნელია და ყველას უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება. ამისათვის სპეციალური ვემზადებოდით – გასაპნული, სველი ბურთით და იმედია ეს ვარჯიშები დაგვეხმარება“ – ამბობდა მატჩამდე გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

წვიმის ბრალია, სველი ბურთის თუ სხვა რამის, ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს – საქართველომ მსოფლიო თასებზე შესაძლოა ყველაზე დასანანი მარცხი მიიღო.

დაველოდოთ როგორ ვითამაშებთ ბოლო თამაშს, ავსტრალიასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები