LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ იგივე: მოსაგები ვერ მოვიგეთ – მსაჯმა გაგვწირა, მაგრამ არა უშავს – მალე თბილისში შევხვდებით

90
eZy Watermark-14-10-2020-11-30-57pm

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. სკოპიეში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

არადა, მართლაც დასანანია. საქართველოს ეს თამაშიც უნდა მოეგო. საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, მაგრამ ბოლო წამს მსაჯმა და იღბალმა ისევ გაგვწირა. ჩვენმა გუნდმა მშვენიერი შანსი გაუშვა ხელიდან ჯგუფში ლიდერობა ეგდო ხელთ. მოხდა ისე, რომ შესაძლო 6 ქულის ნაცვლად მხოლოდ 2 შეგვრჩა.

​უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარს არა უშავდა. ერთ-ერთი კონტრშეტევისას მასპინძელთა მეკარე კარიდან გამოვიდა, ხელით საჯარიმოს მიღმა ითამაშა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მინდვრიდან მიაბრძანეს. ვაისმა ორი შემტევი მაშინვე ჩართო საქმეში და მალევე, 75-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია ორ მეტოქეს ტექნიკური მოძრაობით გასცდა და ახლო მანძილიდან ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. ვიგებდით და საქმეც მშვიდად მიგვყავდა ლოგიკურ დასასრულამდე, როდესაც თითქმის იგივე განმეორდა, რაც სომხეთთან რამდენი დღის წინანდელ შეხვედრაში. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს. დამატებულ მესამე წუთზე პენალტი ზუსტად ეზგიან ალიოსკიმ შეასრულა. ისევ მატჩის ბოლო, ისევ პენალტი არსაიდან და ისევ ხელიდან გაშვებული გამარჯვება. თუმცა ისიც უნდა ითვას, რომ ეს 11-მეტრიანი საეჭვო იყო, მსაჯს თავისუფლად შეეძლო არ დაენიშნა, თავიდან სწორედ ასე ჩანდა, რომ მაკედონიელმა უბრალოდ ფეხი იტკინა, როდესაც ერთბაშად ოთხ ქართველთან ავარდნილ ბურთზე ითამაშა. მოკლედ, 1:1.

პარალელურად ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და ის მატჩიც ფრედ – 1:1 დასრულდა. ოთხი ტურის შემდეგ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ. ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე ჯერჯერობით ისევ ჩრდ მაკედონიაა.

 

ვლადიმირ ვაისი:
ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლოს 10 ფეხბურთელით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდში დარღვევა არ ყოფილა. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც მატჩს ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებდით. ძალიან ემოციური მატჩი გამოდგა და სამწუხაროდ, ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ.
ერთ თვეში კვლავ დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ამჯერად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. დღევანდელი ფრედ დასრულებული შედეგით ჯგუფში ლიდერობის კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. თუმცა არაუშავს, წინ ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ნოემბრის მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ.
ჩრდილოეთ მაკედონიამ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩვენც დაგვაკლდა.
მატჩის სტარტზე კიტეიშვილის შეცვლა მოგვიწია. ამ ცვლილებამ ჩვენი გეგმები ნაწილობრივ შეცვალა.
ვნახოთ, რა იქნება ერთ თვეში, შანსები 50/50-ზეა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ამ შეხვედრას. მოედანზე ორივე მხრიდან 11 ფეხბურთელი გამოვა და ვნახოთ, ვინ იქნება ბედნიერი 12 ნოემბერს.

 

ხვიჩა კვარაცხელია:
მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში იტან გოლს ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. მიმაჩნია, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება.

 

​ჩრდ. მაკედონია 1:1 საქართველო
ტოდორ პროესკი, სკოპიე

 

​საქართველო: ლორია, დაუშვილი (71′ კვარაცხელია), დვალი (90′ ნავალოვსკი), გვილია, ჯიღაური, კიტეიშვილი (7′ ლობჟანიძე), კვეკვესკირი (71′ კაჭარავა), ქვილითაია, კვერკველია, ყაზაიშვილი (90′ კობახიძე), ტაბიძე

​მსაჯები: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი), იაკუბ ვინკლერი (პოლონეთი), მარეკ არისი (პოლონეთი), ტომაშ კვიატოვსკი (პოლონეთი)

​გაფრთხილება: 51′ ქვილითაია, 66′ დაუშვილი, 86′ ალიოსკი

​გაძევება: 68′ დიმიტრევსკი

​გოლები: 0:1 კვარაცხელია (75), 1:1 ალიოსკი (პენ.) (90+3)

​საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას თბილისში გამართავს. 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩვენი გუნდი “დინამო არენაზე” კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ეს არის ისტორიული მატჩი, რომლის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები