LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერების გამოყენების მნიშვნელობა: რა უნდა იცოდეს მოქალაქემ

1227
IMG_0141

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა ვარამაშვილი “ავტორადიოს” სტუმრობდა, რომელმაც ელექტრონული ხელმოწერის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ქალბატონო თეა, რა არის ელექტრონული ხელმოწერა?

ელექტრონული ხელმოწერა ეს არის მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და მის ხელმოსაწერად გამოიყენება.
მსმენელისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, როცა მობრძანდება საქართველოს მოქალაქე იუსტიციის სახლში და აბარებს განცხადებას საქ. მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დამზადების თაობაზე, ის ხელს აწერს ტექნიკურ მოწყობილობას, ე.წ. პადს და ეს მისი ხელმოწერა ლოგიკურად უკავშირდება დოკუმენტს.
აქვე განვასხვავებ ელექტრონულ ხელმოწერას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისაგან. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ეს არის სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესრულებული ხელმოწერა, რომელიც გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტების ხელმოსაწერად. ამ შემთხვევაში ხელმოწერას აკეთებს ფიზიკური პირი და საჭიროა პირადობის ელექტრონული მოწმობა.

ვის შეუძლია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება, რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო და სად შეიძლება შევიძინოთ ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ტექნიკა?

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა ე.წ. ID ბარათი. ასევე შეუძლია უცხოელსაც თუ მასზე გაცემულია ბინადრობის ელექტრონული მოწმობა.
სააგენტო პირადობის ელექტრონულ მოწმობასთან ერთად ყველა მოქალაქეზე გასცემს კვალიფიციურ სერტიფიკატებს და მისი გამოყენებისათვის საჭირო პინ-კოდებს.
რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებებს – საჭიროა პირადობის ელექტრონული მოწმობა თავისი პინ-კოდებით, რომელიც მოქალაქეს გადაეცემა დალუქული კონვერტით, ასევე ბარათის წამკითხველი მოწყობილობა, მისი შეძენა შესაძლებელია იუსტიციის სახლის ფილიალებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. თუ ბარათთან თავსებადია წამკითხველი, შეიძლება შეიძინოთ ნებისმიერ ტექნიკის მაღაზიაში.

რა სახის დოკუმენტები მოწმდება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით?

ელექტრონული ხელმოწერით ამ ეტაპზე მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტები მოწმდება.

თუკი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების სერტიფიკატს გაუვიდა ვადა ან მოქალაქეს სჭირდება ტექნიკური დახმარება, ვის შეიძლება დაუკავშირდეს ამ დროს?

სერტიფიკატები გაიცემა 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით. ის არის დატანილი და ინტეგრირებული პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე. ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქეს მარტივად შეუძლია აღადგინოს სერტიფიკატი ადგილზე მოსვლის გარეშე, ამისთვის საჭიროა ჩამოტვირთონ, დააინსტალირონ და გაუშვან პროგრამა ჩვენი ვებ-გვერდიდან id.ge.
ეს პროგრამა ასევე საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის განსახორციელებლად. სერტიფიკატის განახლების საფასური 10 ლარია და ეს საკმაოდ მარტივი პროცედურაა.
რაც შეეხება ტექნიკურ დახმარებას, სააგენტოს დისტანციურად მომსახურების სამსახური ემსახურება მოქალაქეებს, უწევს კონსულტაციას თუ როგორ უნდა გაააქტიურონ ელექტრონული ხელმოწერა, როგორ გაააქტიურონ სერტიფიკატი, როგორ ხდება ხელმოწერა, რა დოკუმენტებზე და ა.შ. ყველა მოქალაქეს შეუძლია დარეკვა და აუცილებლად დავეხმარებით.



მაგალითად, ვარ საქართველოს საზღვრებს გარეთ და დავკარგე პასპორტი ან დამჭირდა რომელიმე დოკუმენტი, როგორ დამეხმარებით დისტანციურად მომსახურების სამსახური?

პირველ რიგში კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა არის სანდო, მარტივი პროცედურა, რომელიც ძალიან მცირე დროს მოითხოვს. გაყალბებისგან მეტადაა დაცული, რადგან ხელმოწერილ დოკუმენტში რაიმე სახის ცვლილების აღმოჩენა ძალიან მარტივია. ქაღალდით საქმის წარმოების შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს, უმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მარტივად შესაძლებელია დავამოწმოთ დოკუმენტი, გავაფორმოთ ხელშეკრულება, ხელმომწერი პირის იდენტიფიცირება ადვილია და რაც მთავარია მიეთითება ხელმოწერის დრო და თარიღი.
დისტანციურად მომსახურების სამსახურს 50-მდე სერვისი აქვს და საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მოითხოვონ მათთვის სასურველი დოკუმენტი. ამისთვის საჭიროა სააგენტოს ვებ-გვერდზე sda.gov.ge შეავსონ მათთვის სასურველი დოკუმენტის განცხადების ფორმა, მიუთითონ საკონტაქტო პერსონალური მონაცემები, ატვირთონ ფოტო სურათი და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გზით დაამზადონ დოკუმენტი.

საინტერესოა, დაახლოებით რამდენ ადამიანს ემსახურება დისტანციურად მომსახურების სამსახური?

სტატისტიკის მიხედვით 2021-22 წლებში 400 ათასამდე მოქალაქეს მოვემსახურეთ და ყოველდღიურად აღნიშნული რიცხვი 1000-ს შეადგენს.

როგორც ვიცი, შშმ პირების მომსახურების სტანდარტებიც არსებობს…

ჩვენ გვყავს შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც ეხმარებიან შშმ პირებს აღნიშნული სერვისით სარგებლობაში.

მსმენელს დისტანციურად მომსახურების სამსახურის სამუშაო გრაფიკი შევახსენოთ.

დისტანციური მომსახურების სამსახური მუშაობს კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე. საინფორმაციო სამსახურის საკონტაქტო ნომერია – 2 40 10 10. ჩვენი ვებ-გვერდის sda.gov.ge საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ დისტანციურად დაკავშირების ღილაკი და ზარი განახორციელოთ პროგრამულად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები