LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვერ მოვიგეთ მოსაგები თამაში: სომხეთი-საქართველო 2:2

150
13Capture

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის “გასვლითი” მატჩი სომხეთს ვერ მოუგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობის შანსი დაკარგა. ჩვენმა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ჯობდა მეტოქეს, უამრავი მომენტიც შექმნა და დამსახურებული იქნებოდა გამარჯვება, მაგრამ ბოლოს უიღბლობამ ორი ქულა დაგვაკარგვინა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გამო, მატჩი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა. ამას პანდემიის გამო უმაყურებლობაც დავამატოთ და საერთოდ გაქრა ის მომენტი, რომ ეს გასვლითი თამაში იყო.

ის, რომ საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებდა, ისედაც ვიცოდით, მით უმეტეს, რომ ვლადიმირ ვაისმა ეს ბელარუსთან მატჩის შემდეგაც თქვა. თუმცა გადახალისებული კი არა, საქართველოს ნაკრები ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით გავიდა მოედანზე. ბელარუსთან შეხვედრის სასტარტოდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა ძირითადში – კაპიტანი კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი.

 

სომხეთი – საქართველო 2:2

11 ოქტომბერი. ტიხი (პოლონეთი). უმაყურებლოდ.

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა. ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი, 75), აბურჯანია (დაუშვილი, 75), ყაზაიშვილი, გვილია (ოქრიაშვილი, 61), შენგელია (ლობჟანიძე, 80), კაჭარავა (ლობჯანიძე, 80).

გოლები: ბაირამიანი 6, კაჭარავა 46, ოქრიაშვილი 74. მხითარიანი 89 – პენ.

გაფრთხილება: ნავალოვსკი, კანკავა (გამოტოვებს მომდევნო მატჩს), დაუშვილი.

გოლი მატჩის დასაწყისშივე მივიღეთ. უკვე მე-6 წუთზე დაცვაში უყურადღებობამ ის მოიტანა, რომ ნომინალურმა მასპინძლებმა, კერძოდ ბაირამიანმა ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ თამაში ქართველების უპირატესობით წარიმართა. ჩვენებმა პირველ ტაიმში 5 საგოლე მომენტი შექმნეს და დასანანიც იყო და გასაკვირიც ანგარიში რომ არ გათანაბრდა.

სამაგიეროდ დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, წამებში გვილია-შენგელიამ მოედნის ცენტრში კარგად გაითამაშეს, შენგელია დაიძრა მეტოქის მოედნისკენ და ზუსტი პასით კაჭარავას გაატანინა, რომელმაც მკერდით შეაგდო ახლო მანძილიდან – 1:1.

მე-60 წუთისთვის ვაისმა მოედანზე ოქრიაშვილი შეუშვა და ამან შედეგი გამოიღო. ხიფათს ისევ ვქმნიდით მეტოქის კართან, გოლი კი მარჯვნიდან სწრაფად გათამაშებული კომბინაციიდან შევაგდეთ. ჯიღაურმა და ყაზაიშვილმა ახლო მანძილიდან მარტივად გაატანინეს ოქრის და ლოგიკური ანგარიშიც დაფიქსირდა – 1:2.

სომხეთის მცდელობას ანგარიში გაეთანაბრებინა დიდი შედეგი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ უიღბლობამ იჩინა თავი. საჯარიმოში დაუშვილს ხელზე მოხვდა ბურთი და პენალტი დაინიშნა, რომელიც მეტოქის უდაო ლიდერმა მხითარიანმა გოლად აქცია – 2:2.

 

საქართველოს ნაკრებს მომდევნო, მეოთხე ტურის მატჩი სამ დღეში, 14 ოქტომბერს, სტუმრად ელის ჩრდ მაკედონიასთან. შეგახსენებთ, ამ გუნდების თბილისური მატჩი ამ ერთა ლიგაზე 1:1 დასრულდა. ეს შესაძლოა გადამწყვეტი შეხვედრაც აღმოჩნდეს ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. ამ წუთისთვის 5-5 ქულით სწორედ ჩრდ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ.
12 ნოემბერს კი ჩრდ მაკედონიასთან თბილისში, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ეს ერთგვარად კიდევ ერთი რეპეტიცია იქნება, თუმცა აქაც მოსალოდნელია, რომ მწვრთნელები ერთმანეთს რაღაცეებს დაუმალავენ.

ჩვენი ჯგუფის მეორე შევხედრაში ჯგუფის აუტსაიდერმა ესტონეთმა ერთ-ერთ ფავორიტს ჩრდ მაკედონიას უმასპინძლა და მოულოდნელად 3:1 ამარცხებდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 3:3. არადა, კარგი იქნებოდა მაკედონიელებს ეს ერთი ქულაც დაეკარგათ, თუმცა ესეც საქმეა.

 

90-იან წლებში, საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავდა და მათ მიმართ მოთხოვნაც დიდი იყო, მაგრამ მაინც არ გვქონდა სასურველი შედეგი. მაშინ არ ყოფილა ფეხბურთის ნახვის ამდენი საშუალება, არ იყო რეპორტაჟები, გასვლით მატჩებზე იშვიათად თუ მიდიოდნენ ჟურნალისტები და ხშირად იყო ხოლმე კომენტარები – ვაჯობეთ, მაგრამ წავაგეთ… და ჰყვებოდნენ თუ როგორ ჯობდნენ ჩვენები ბევრ კომპონენტში მეტოქეს, ქმნიდნენ საგოლე ეპიზოდებს, მეტოქე კი თითო-ორჯერ თუ დაგვირტყამდა. სომხეთთან თითქოს იგივე მოხდაო. მართალია არ წაგვიგია, მაგრამ მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ და… ვერ მოვუგეთ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები