LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმის გაზრდა იგეგმება

200
ipad-oil-check

ტექინსპექტირების საკითხი ერთ-ერთი მტკივნეულია საავტომობილო სამყაროში. მიუხედავად ამ სიახლის დანერგვისა, ქვეყნის მასშტაბით მაინც შესამჩნევია ბევრი გაუმართავი ავტომანქანა და გამონაბოლქვის მაღალი დონე. ხშირად საუბრობენ ტექინსპექტირების რეფორმის არაეფექტიანობაზე. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა ახალ ინიციატივებზე, რაც საჯარიმო სანქციების გაზრდას გულისხმობს. “ავტორადიოს” პირდაპირ ეთერში სტუმრობდა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი, რომელმაც მოსალოდნელ რეგულაციებსა და პრობლემებზე ისაუბრა.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი, რომ ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული ჯარიმები იზრდება, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმის ოდენობის გაზრდა ნამდვილად იგეგმება. მოგეხსენებათ, აქამდე თვეში ერთხელ 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევდათ მათ, ვისაც ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში ავტომფლობელები ამით სარგებლობდნენ. იმის ნაცვლად, რომ მისულიყვნენ და ავტომობილი ტექინსპექტირებაზე გაეტარებინათ, ჯარიმების ხარჯზე გადაადგილება ერჩივნათ. ახალი ინიციატივა გულისხმობს, რომ პირველადი ტექინსპექტირების ჯარიმის ოდენობა დარჩეს 50 ლარი, თუმცა თუკი ერთი თვის შემდეგ იგივე ავტომობილი დაჯარიმდება, ეს ოდენობა 150 ლარამდე გაიზრდება. კიდევ ერთი თვის შემდეგ გაიზრდება 300 ლარამდე და კიდევ ერთი თვის შემდეგ – 900 ლარამდე. ამ დროისთვის ამ პროექტზე ვმუშაობთ, თუმცა საბოლოო სახის მიცემამდე შესაძლოა გარკვეული ცვლილებები კიდევ შევიტანოთ.

არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ტექინსპექტირებამ ამ მომენტამდე ვერ გაამართლა, რატომ, რა იყო ამის მიზეზი?

როგორც იცით, 2019 წლიდან დაიწყო ტექინსპექტირების რეფორმა. ჩვენ რომ გადავხედოთ სტატისტიკას, პირველ წელს დაახლოებით 780 ათასმა ავტომობილმა გაიარა შემოწმება. შემდეგ 2020 წელი იყო პანდემიური და 2021 წელს გატარებული იყო დაახლოებით 720 ათასი ავტომობილი. იმის ფონზე რომ ქვეყანაში ავტოპარკის ოდენობა ყოველწლიურად იზრდება და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული ავტომობილის რაოდენობამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა, ეს ძალიან ცუდი შედეგია. პროცენტულად რომ წარმოვადგინოთ, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილები და ის ავტომობილები, რომლებსაც ტექინსპექტირება აქვთ გავლილი, დაახლოებით 48%-ია. ეს კი მიმართვიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ძირითადად რა პრობლემა იკვეთება ავტომობილებში, რომელი ავტომობილები ვერ გადიან ტექინსპექტირებას?

როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ზოგიერთი ავტომფლობელი 50 ლარიანი ჯარიმით გადაადგილდება. ანუ მათ არ სურთ ავტომობილის მწყობრში მოყვანა და ურჩევნიათ ჯარიმებით გადაადგილდნენ. აქედან გამომდინარე მიმართვიანობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ ვიცით, რომ მილიონ ნახევარი ავტომობილიდან ყველა გზაზე არ იქნება და ეს აქტიური ავტოპარკი არ არის.

ავტომფლობელთა ნაწილი ამჯობინებს ჯარიმა გადაიხადოს და ჩვენი უსაფრთხოება ისევ ეჭვქვეშაა. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? როგორ გააუმჯობესებს ეს ყველაფერი დღევანდელ მდგომარეობას?

ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებების დამსახურებით ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვიანობა მოიმატებს, რაც აუცილებელია. თუკი ავტოპარკს მთლიანად არ დავფარავთ, საბოლოო შედეგს, რაც საგზაო უსაფრთხოებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას უკავშირდება, უბრალოდ ვერ მივიღებთ. ევროპული ქვეყნების მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იქ ავტომობილების გამოცხადების პროცენტი დაახლოებით 95-ია. ასეთ შემთხვევაში შედეგი ნამდვილად დგება. კანონში ცვლილება იმ ავტომფლობელებს, რომლებიც აქამდე ჯარიმებით გადაადგილდებოდნენ, იძულებულს გახდის ტექინსპექტირება გაიარონ, რადგან ფინანსური ხარჯი ძალიან გაეზრდებათ.

დღეს იმდენი გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება, რომ ტექინსპექტირების გავლის შემთხვევაში ნახევარზე მეტ მეპატრონეს მანქანის გაჩერება მოუწევს. ამიტომ ხომ არ არიან შედარებით ლოიალურები ამ საკითხის მიმართ, რადგან ჩვენ ვხედავთ რომ უამრავი ავტომანქანა გადაადგილდება ისევ გამონაბოლქვით, ისევ ბინძურდება ჰაერი, ისევ ჩვენს ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.. ამ მიმართულებით რას ფიქრობთ?

მაქსიმალურად უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, აღსრულება უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. ამაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპატრულო პოლიცია, რათა გამოავლინოს ვიზუალური ხარვეზები და მოახდინოს რეაგირება. ასევე ჭკვიანი კამერები უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული, რათა მათ ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილები დააფიქსირონ. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში არსებული მოთხოვნები ევროკავშირში არსებულ კანონებთან შედარებით ბევრად უფრო ლოიალურია. მათი გამკაცრება ეტაპობრივად ხდება, რაც ძალიან სწორია.

ევროპიდან შემოყვანილი მეორადი ავტომობილი ხომ არ ქმნის პრობლემას?

მეორადი ავტომობილი რომ შემოდის, ეს პრობლემა არ არის, მთავარია მანქანა იყოს გამართული. რა თქმა უნდა, უნდა იყოს გარკვეული წახალისება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომფლობელს ახალი ავტომობილის შეძენა უღირდეს. მაგალითად, განბაჟების სისტემა უნდა იყოს უფრო ლოიალური ახალი ავტომობილების მიმართ.

ჯარიმების გაძვირების ცვლილება როდიდან შედის ძალაში?

ამჟამად კანონპროექტის დასრულების ეტაპზე ვართ, ვითვალისწინებთ გარკვეულ კომენტარებს. თუკი ინიცირება მოესწრება საშემოდგომო სესიაზე, ვფიქრობ ცვლილება მომავალი წლიდან შევა ძალაში. ჩვენი მიზანია ეტაპობრივად დავნერგოთ ევროსტანდარტები.