ავსტრიაში, პატარა ქალაქ სანქტ-პოლტენში დაობლებული ზღარბებისთვის მეურვეებს ეძებენ. მეურვე ზღარბზე რამდენიმე თვის განმავლობაში იზრუნებს, შემდეგ კი ის ბუნებაში უნდა გაუშვას. მეურვეს ადგილობრივი მერიის და ვეტერინარების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.
შემოდგომისთვის ზღარბები საკვების საძებნად მიემართებიან და შემდეგ ზამთრის ძილისთვის ემზადებიან. ასეთი მოგზაურობა ბევრი მათგანისთვის სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება. ობლად დარჩენილი შვილები კი სხვების დახმარების გარეშე ზამთრის გადატანას უბრალოდ ვერ შეძლებენ.
ობოლი ზღარბებისთვის ქალაქში დახმარების ცენტრი შექმნეს. ამჟამად ამ ცენტრში 100-მდე ცხოველია და მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ. თუმცა, იმ ზღარბების რაოდენობა ვისაც დახმარება სჭირდება სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ ვეტერინარებმა დასახმარებლად ადგილობრივებს მიმართეს.