LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის ტუნინგი: რატომ არ ღირს ქარხნულ დეტალებში ცვლილებების შეტანა

148

ავტომფლობელი, რომელმაც კარგად იცის რას ნიშნავს გამართულად მომუშავე ავტომობილი, არასდროს არ შეიტანს ცვლილებებს ქარხნულ კონსტრუქციასა და დეტალებში.ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ ”ტუნინგს” ვეძახით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე ავტომობილს აზიანებს. ერთად განვიხილოთ ტუნინგის რამდენიმე შემთხვევა, გავიგოთ რა არის სწორი და რა არა…

 

ეს საცოდაობაა

შეეკითხეთ საკუთარ თავს და უპასუხეთ: ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ადამიანი, რომელიც ”გაუმჯობესებულ” ავტომობილში ზის, გარშემომყოფების თვალში უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვეულებრივ ავტომობილში მყოფი? ასეთი მიდგომით თავსაც და თქვენს ავტომობილსაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებთ, გაურკვეველი ავტომობილის ფერი, უამრავი დამატებითი ფუნქცია და მსგავსი დეტალები მძღოლის კომპლექსებზე უფრო მიუთითებს, ვიდრე მის დამოკიდებულებას ავტომობილებთან.

ხშირ შემთხვევაში, ავტომობილის საკუთარი ნებით გაუმჯობესება და გატუნინგება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქმედებით უკურეაქციასაც ვიღებთ და გაუმჯობესებულ დეტალებში გადახდილი თანხა უკან აღარ გვიბრუნდება.

თუ ავტომობილის გაუმჯობესება გადაწყვეტილი გაქვთ, უმჯობესია მიბრძანდეთ პროფესიონალებთან ტუნინგ-ატელიეში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათ მუშაობაში ხელი არ უნდა შეუშალოთ, ასეთ დროს, ავტომობილების გაუმჯობესების პროცესიც და შედეგიც ბევრად უფრო საინტერესო და მოულოდნელია…

 

”ავტომობილი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ!”

სწორედ ასეთი ფრაზა უტრიალებს თავში ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ავტომობილის გაუმჯობესების მომხრეა. ძნელია ამაში არ დაეთანხმო, მაგრამ აქვე ერთი შესწორება: ჯობს ავტომობილი ქარხნულ მდგომარეობაში დატოვო, ვიდრე უამრავი უსარგებლო და ძვირადღირებული დეტალით დაამძიმო.

საინტერესოა რა სხვაობაა ნადვილ ”ტუნინგსა” და თამაშს შორის. სხვაობა ნამდვილად დიდია და ამას შეუნიღბავი თვალითაც ადვილად დავინახავთ. პირველი რაც თვალში გხვდება ტალანტი და გემოვნებაა. ნამდვილმა ავტომოყვარულმა იცის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ავტომობილი გაუმჯობესდეს, ხოლო მათი ავტომობილი, რომლებიც უბრალოდ ფულს ხარჯავენ ”ტუნინგისთვის” ძალიან უგემოვნოდ, გადატვირთულად და უფუნქციოდ გამოიყურება. პროფესიონალის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა და გაუმოჯობესებული დეტალები ერთ მთლიან ავტომობილს წარმოადგენს.

 

ცოტა პრაქტიკაც

გაუმჯობესებული დეტალები ავტომობილის ექსპლუატაციის კილომეტრაჟს ამცირებს და აგრეთვე მეპატრონეს მის გაყიდვაში უშლის ხელს.

მაგალითად: დიდი დისკების დაყენებით თქვენ არამხოლოდ ავტომობილის სირბილესა და სიმძლავრეს აყენებთ დარტყმას, არამედ სავალი ნაწილების მთლიან სისტემასა და რა თქმა უნდა საწვავის მოხმარებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რაც ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ავტომობილის შეღებვას, ეს მხოლოდ თქვენი გემოვნების საკითხია, თუმცა, აუცილებელია გაითვალისწინოთ ისიც, რომ ასეთი საქციელით ავტომობილის გაყიდვა ძალიან გაჭირდება, რადგან ძნელია დაამტკიცო, რომ ფერი მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილების გამო შეცვალეთ და არა ავტომობილის დაზიანების გამო. ეს კი მის გაყიდვაში აუცილებლად შეგიშლით ხელს…

გარდა ამისა, არსებობს ძალიან ბევრი ისეთი დეტალიც, რომელიც ავტომობილს გამართულ მდგომარეობაში ექსპლუატირებას უშვლის ხელს, რაც დამერწმუნეთ, არც თუ ისე მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მანამ სანამ რაიმე დეტალის გაუმჯობესებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ პროფესიონალის რჩევები, რათა მიღებულმა შედეგმა თქვენი მოლოდინი გაამართლოს…

 

ისტორია

გარდა იმისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თითოეულ მოდელს თავისი ისტორია აქვს. საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა, ინდუსტრიულ წარმატებებს კი ავტომწარმოებლები ყოველწლიურად ახალი მოდელებით აღნიშნავდნენ.

ეს პროცესი შეუქცევადია და სწორედ ამიტომ, ავტომობილის თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თუ თქვენ რომელიმე ძველი მოდელის მეპატრონე ბრძანდებით და მისი აღდგენა განიზრახეთ, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ ის ისტორიული დეტალები, რამაც თავის დროზე კონკრეტულ მოდელს დიდი წარმატება მოუტანა საავტომობილო ბაზარზე. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ და თქვენი სატრანსპორტო საშუალება იმაზე მეტ ყურადღებას დაიმსახურებთ, ვიდრე ეს მისი არასწორად გაუმჯობესების შემთხვევაში მოხდებოდა…

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ტუნინგის მოყვარულების რიცხვმა ძალიან მოიმატა, შესაბამისად ქუჩებში გამოჩდნენ სხვადასხვა ავტომობილები. რამდენად სწორად და გამართულად ტუნინგდება ავტომობილები, ეს სხვა საკითხია, თუმცა, ყველაფერს მაინც მეპატრონის გემოვნება წყვეტს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ გირჩევთ, რომ მანამ, სანამ ავტომობილის გაუმჯობესებას გადაწყვეტთ, აუცილებლად იკითხეთ აზრი პროფესიონალისგან…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები