LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქტერია

110
ბაქტერია

ბაქტერია 0,1–10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისმაგვარი ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. დღეისათვის აღწერილია ათი ათასამდე ბაქტერიათა სახეობა და ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა რამდენიმე მილიონს აღემატება. ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობს — მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში. ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი — მილიონს. ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნივთიერებათა ცვლაში დედამიწაზე. ატმოსფერული ჰაერის აზოტის ფიქსაცია, მთლიანად ბაქტერიებზეა დამოკიდებული. მრეწველობაში ბაქტერიები გამოიყენება ისეთ პროცესებში, როგორიცაა საკანალიზაციო წყლების გაწმენდა, ყველის და  რძის სხვა პროდუქტების წარმოება.

ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10-ჯერ აღემატება ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭ-ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი ჭირი, ციმბირული წყლული. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე რესპირატორულ ბაქტერიულ დაავადებებს მიაქვს. ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება, თუმცა მათი ფართო გამოყენების შედეგად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან და მათთან ბრძოლისათვის მუდმივად ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაა საჭირო. 

არსებობს 1000-ზე მეტი ბაქტერიული კლასი ნორმალურ ადამიანში, მაგალითად ნაწლავის ჩხირი რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის იმუნიტეტის განვითარებას, რადგან ასინთეზებს ვიტამინებს როგორიცაა მაგალითად ფოლიუმის მჟავა(ვიტამინი B9), ვიტამინი K და ბიოტინი(ვიტამინი B7), გარდაქმნის შაქარს რძემჟავად და იწვევს კომპლექსური მოუნელებელი ნახშირწყლების დუღილს. ასევე აფერხებს პათოგენური ბაქტერიების ზრდას. თუ ბაქტერია პარაზიტულ თანაცხოვრებას აირჩევს სხვა ორგანიზმთან, ისინი განიხილებიან უკვე როგორც პათოგენები და იწვევენ ისეთ დაავადებებს ადამიანში როგორიცაა ტეტანუსი, დიფტერია, სიფილისი, ქოლერა ტუბერკულოზი და ასე შემდეგ. პათოგენიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება დადგინდეს წლების შემდეგ. ბაქტერიული დაავადებები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აგრონომიაში. მაგალითად ფოთოლზე ლაქები, ნაყოფის განადგურება და ჭკნობა მცენარეებში; ტუბერკულოზი, სარძევე ჯირკვლის ანთება, სალმონელოზი და ციმბირული წყლული ფერმის ცხოველებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები