LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა მესის გოლებით თითქმის გასულია: ბაიერნი?

24

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველაზე საინტერესო წყვილები წუხელ შეხვდნენ ერთმანეთს.

ლონდონში ”არსენალმა” მოქმედი ჩემპიონი ”ბარსელონა” მიიღო, ტურინში კი ”იუვენტუსი” მიუნხენის ”ბაიერნს” მასპინძლობდა.

არსენალიბარსელონა  0:2

გოლები: 0:1 მესი (71), 0:2 მესი (84-პენ)

არსენალი: ჩეხი – ბელერინი, მერტეზაკერი, კოშენლი, მონრეალი – რემზი, კოკელინი (82. ფლამინი) – ოქსლეიდ-ჩემბერლენი (50. უოლკოტი), იოზილი, ა. სანჩესი – ჟირუ (72. უელბეკი)

ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა – ნეიმარი, მესი, ლ. სუარესი

გაფრთხილება: მონრეალი – პიკე

კუთხური: 1-7; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 3-10 (2-4); ბურთის ფლობა: 34%-66%. მაყურებელი: 60 000

პირველი ტაიმი ბურთის გორებაში გაილია, სახიფათო მომენტები კი თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით შეიქმნა. ლონდონელებს ერთხელ ჰქონდათ გატანის რეალური შანსი, სტუმრებს კი ორჯერ და ეს ორივე შანსი ლუის სუარესმა გაანიავა. მეორე ნახევარში, “ემირეიტ სტედიუმზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა ორი გოლი იხილეს და მათდა სამწუხაროდ, ორივე “არსენალის” კარში, დუბლი კი ლიონელ მესიმ მიითვალა. პირველი გოლი შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა და მაშინ გავიდა, როდესაც თამაშის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი. სტუმრებმა ჩვეულ სტილში გაითამაშეს კომბინაცია, საგოლე პასი კი ნეიმარმა მიითვალა. მეორე გოლი 84-ე წუთზე გავიდა. ის კი მთლიანად არგენტინელის დამსახურებაა: მესიმ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ივარგა, მცველს ბურთი ფეხიდან ააცალა, კოჭებში მოხვდა და მინდორზეც გაგორდა – შედეგად, თერთმეტმეტრიანი, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა და “ბარსელონას” ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

 

იუვენტუსიბაიერნი     2:2

გოლები: 0:1 მიულერი (43), 0:2 რობენი (55), 1:2 დიბალა (63), 2:2 სტურარო (76)

იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა – კუადრადო, ხედირა (69. სტურარო), მარკიზიო (46. ერნანეში), პოგბა – დიბალა (75. მორატა), მანჯუკიჩი

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი (74. ბენატია) – ვიდალი – რობენი, ტ. ალკანტარა, დუგლას კოშტა (84. რიბერი), მიულერი – ლევანდოვსკი გაფრთხილება: მორატა – დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი, ვიდალი

კუთხური: 3-4 ჯარიმა: 13-18 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 12(7)-14(5) ბურთის ფლობა: 36%-64% მაყურებელი: 41 475

“იუვენტუსიც” და “ბაიერნიც” მატჩს დაცვაში საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. ეს განსაკუთრებით მიუნხენელებზე ითქმის, რომლებსაც ექსპერიმენტული დაცვის ცენტრით უწევდათ თამაში. ამის ფონზე, მით უფრო უცნაური გახლდათ ის, რომ “იუვე” სიტუაციისთვის შეუფერებლად, ყრუ დაცვაში ჩადგა. “ბაიერნმა” საჩუქარზე უარი არ თქვა და ტერიტორიული უპირატესობა ნელ-ნელა სათამაშოში გადაზარდა, რასაც ის მოჰყვა, რომ მიულერმა ტაიმის მიწურულს მაინც შეაგდო თავისი გოლი. ტურინელებს ნახევრად მომენტები თუ ჰქონდათ და ერთხელ “იუვენტუსის” ექსფეხბურთელ არტურო ვიდალს ხელზეც მოხვდა ბურთი, მაგრამ ინგლისელმა მარტინ ატკინსონმა პენალტი არ დანიშნა.

მეორე ტაიმი სულ სხვაგვარი იყო. მასიმილიანო ალეგრიმ საკუთარი შეცდომა გაიაზრა და “იუვე” შეტევაში გაუშვა. სწორედ ერთ-ერთი იერიშისას დაკარგულ ბურთს მოჰყვა კონტრიერიში და როდესაც აქტიურმა არიენ რობენმა ანგარიში 0:2 გახადა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ… “იუვენტუსმა” მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და შეტევები გააგრძელა. კიმიხის შეცდომის მერე პაულო დიბალამ შეამცირა სხვაობა. შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა და თავიდანვე კარგად ათამაშებულმა ალვარო მორატამ, პოგბასა და იმავე მანჯუკიჩს აქტიურობა დაუფასა და თავით მშვენივრად დაუგდო ასევე ცვლილებაზე შესულ სტეფანო სტურაროს, რომელმაც გაათანაბრა. “იუვეს” კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა.  მოკლედ, ამ წყვილში საინტერესო საპასუხო მატჩი გველოდება, თუმცა კი  მიუნხენელები აშკარა ფავორიტები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები