LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმელებს მოუწოდებენ, მანქანებით არ გადაადგილდნენ

44

ბათუმელებს მთავრობა ავტოტრანსპორტით გადაადგილებისაგან თავშეკავებას ურჩევს, თუ ეს გარდაუვალი აუცილებლობით არ არის გამოწვეული. როგორც რადიო ”ავტორადიოს” აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ განუცხადა, ავტომობილების მოძრაობა აფერხებს სპეციალური ტექნიკის მუშაობას ქუჩების გაწმენდის პროცესში. მისივე ინფორმაციით, უხვი ნალექის მიუხედავად პრობლემები არ შექმნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ელექტრო და ბუნებრივი აირით მომარაგებას, ასევე არ შექმნილა პრობლემა პაციენტების საავადმყოფოებში გადაყვანისას. პირველ რიგში, სწორედ სამედიცინო დაწესებულებებთან იწმინდება გზა სპეცტექნიკის გამოყენებით.

დილით უხვი ნალექის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება ავტომობილებით შეუძლებელი იყო. როგორც რადიო ”ფორტუნასთან” ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებდნენ, ქუჩებში ერთ მეტრამდე თოვლი იდო.

სასწავლო პროცესი აჭარის რეგიონის ზოგიერთ სკოლასა და ბაღში შეწყდა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე აღინიშნა, ვითარება საგანგაშო არ არის და ყველა აუცილებელი სამსახური მობილიზებულია კოორდინირებული მუშაობისთვის.

ბათუმში ამ წუთებშიც თოვს. მეტეოროლოგების ინფორმაციაზე დაყრდნობით, აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სავარაუდოდ თოვა გადაიღებს, თუმცა რეგიონში მომდევნო დღეებში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. აჭარის რეგიონს დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში სპეციალური ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვა რეგიონებიდანაც ეხმარებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები