LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

31

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” დეპარტამენტიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 19 დეკემბერია.

პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად გატვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.