ჩვენი მიზანია, ბათუმის ახალ სტადიონზე არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები გაიმართოს, არამედ სანაკრებო თამაშები ჩატარდეს და უეფას ევროპის სუპერთასის მატჩისთვის ჩვენი კანდიდატურა შევთავაზოთ. ამის საფუძველს და იმედს სტადიონის ტევადობა და ტექნიკური მაჩვენებლები გვაძლევს, – განაცხადა „პირველ არხთან“ მირზა ბოლქვაძემ, რომელიც სტადიონის მშენებელი კომპანიის, შპს „სტადიონის“ მთავარი ინჟინერია.
მისი თქმით, ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის მშენებლობა მაქსიმუმ 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.
„სამუშაოების 70 პროცენტი შესრულებულია. დაგეგმილ გრაფიკს საკმაოდ ვუსწრებთ. ობიექტი 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩაგვებარებინა, თუმცა ახლანდელი გათვლით, შესაძლოა, სტადიონი 2019 წლის ოქტომბერში ან მაქსიმუმ 2020 წლის თებერვალში გაიხსნას“, – განაცხადა მირზა ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, ახალი სტადიონი უეფა-ს მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
„საფეხბურთო არენის მშენებლობა სპეციფიკურია. უეფა-ს სტადიონების მშენებლობების უდიდესი გამოცდილება გააჩნია და იმდენი რეგულაცია დააწესა, მისის გაუთვალისწინებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა. უეფა-ს ტექნიკურ სამსახურს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის განყოფილებას ლამის ყოველდღე ვეკონტაქტებით და ისინი რეკომენდაციებით და რჩევებით ძალიან გვეხმარებიან. სექტემბერში უეფა-ს დელეგაციას ველოდებით, რომელიც გაწეულ სამუშაოებს შეაფასებს“, – განაცხადა მირზა ბოლქვაძემ.
ბათუმის ბულვარში მდებარე ცენტრალური სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს.