ჟოაო ფელიში „ბენფიკადან“ უკვე 120 მლნ ღირს. ის 19 წლისაა და ტოპ კლუბებს სურთ.
ევროპა ლიგის მთავარი ვარსკვლავი „ბენფიკას“ 19 წლის თავდასმხმელი ჟოაო ფელიშია. ბიჭმა „აინტრახტი“ გაგლიჯა – სამი გოლი და ერთი საგოლე პასი 53 წუთში. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც ევროპის ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეუსრულებია (19 წელი და 152 დღე).
აი მესამე გოლის შემდეგ ტირის. ამ სეზონში ბიჭს 15 გოლი აქვს 36 მატჩში.
შესაძლოა თქვენ ჯერ არ გსმენით მასზე, მაგრამ ტოპ კლუბებმა მის შესახებ ბევრი იციან.
ფელიშის წარმატებები ალბათ „პორტოს“ ძალიან ძაბავს. ის ხომ 6 წელი სწორედ პორტოელთა აკადემიაში იყო და უთამაშებლობის გამო წასვლა მოუწია (კლუბში გადაწყვიტეს, რომ ფიზიკურად სუსტი იყო). „პორტოს“ ყოფილი კაპიტანი როდოლფო რეიში ამბობს: „მინდა ჯოხი ავიღო და თავში ჩავარტყა იმას, ვინც ის გაუშვა“.
ფელიშის კონტრაქტში წერია გასაშვები თანხა – 120 მლნ ევრო. იყო ინფორმაცია, რომ ბიჭით დაინტერესებული არიან ორივე მანჩესტერული კლუბი, „ლივერპული“ (ერთი ინფორმაციით, „ბენფიკამ“ უარი თქვა 70 მილიონად მიყიდვაზე), „არსენალი“, „ბაიერნი“, „ბარსა“ და „რეალი“.
ბოლო მონაცემებით კი, ფელიშით ყველაზე მეტად „იუვენტუსია“ მოწადინებული.
კრიშტიანო რონალდო ამასწინ ლისაბონურ დერბიზე იყო, რომელშიც ფელიშმა გაიტანა, პენალტი აიკიდა და მატჩის მოთამაშედ დაასახელეს. თამაშის შემდეგ “ბენფიკას“ ვიცე პრეზიდენტმა რუი გომეშ და სილვამ იხუმრა:
„სტადიონზე იყო პორტუგალიის საუკეთესო მოთამაშე. სასიამოვნოა, რომ რონალდო მოვიდა მის სანახავად“.
თავად ფელიშს კი კრიშტიანო არ დაუსახელებია კუმირად, მან „მარკასთან“ საუბარში კაკა და რუი კოშტა ახსენა.