LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლოკი – ძველი წელთაღრიცხვის გამორჩეული ბოსტნეული

133
ბოლოკი

ბოლოკის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მიიჩნევა. ძველ საბერძნეთში იგი განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. მას, ოქროს სინით მიართმევდნენ დელფოს ტაძარში. ძველად, ასევე გამორჩეულად მიაჩნდათ ნილოსის ნაპირზე მოყვანილი ეგვიპტური ბოლოკი. ამ მცენარის გამოსახულება დღემდეა შემორჩენილი ამონრას ტაძრის კედლებზე. წარსულში ცნობილი ექიმი დიოსკორიდი ადამიანებს ბოლოკის მიღებას სამკურნალო დანიშნულებით ურჩევდა, საჭმლის მონელების გაძლიერების, მხედველობის გაუმჯობესებისა და ხველების შემსუბუქების მიზნით. ბოლოკი ცნობილი იყო ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც. დღეს უკვე ბოლოკი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.

ბოლოკი უხვად შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, უჯრედისს, -ვიტამინსა და ფერმენტებს, ასევე ცხიმებსა და ნაცარს. იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ნახშირწყლების აქტიური ცვლის პროცესითაა განპირობებული ბოლოკის წვენის შაქრის დამწევი მოქმედება. იგი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის რეგულირებას სისხლში და აწესრიგებს ცხიმების წვას. აღვიძებს მადას და აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. ბოლოკის წვენი აქტიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. სწორედ ამის გამო მისი მიღება არაა სასურველი იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესები, კუჭის წყლული. აგრეთვე გულის დაავადებები: მანკი, სტენოკარდია, ინფარქტი, ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია და სხვა.

ბოლოკის წვენს ან გახეხილ ბოლოკს გამოიყენებენ საფენების სახით სახსრების ტკივილის, მარილების დაგროვების, რადიკულიტის დროს და ჭრილობის შესახორცებლად. ამ უკანასკნელ დანიშნულებას უზრუნველყოფს ბოლოკის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები და ფერმენტი – ლიზოციმი, რომელსაც ძალუძს აქტიურად დაშალოს და გააქროს ზოგიერთი მიკროორგანიზმი. ბოლოკი აქტიურად გამოიყენება წყალმანკისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე ჭიების საწინააღმდეგოდ. კარგი საშუალებაა ბრონქების კატარული ანთებისას, ყივანახველისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს.


თაფლში შერეული ბოლოკის წვენი მიიჩნევა დამამშვიდებელ საშუალებად ხველის, სისხლღებინების, გაძლიერებული მენსტრუაციისას. ბოლოკს გამოიყენებენ მეძუძური დედების რაციონში ლაქტაციის მოსამატებლად. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაში ბოლოკის სისტემური გამოყენება შესაძლებელს ხდის აქტიურად და ხარისხიანად შეივსოს ორგანიზმის მარაგი მინერალური მარილებითა და ვიტამინებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ერთდროულად მიიღწევა შესამჩნევი შაქრის დამწევი ეფექტი ინსულინის მაღალი შემცველობის წყალობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები