LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნები ევროპას ბელგიიდან იწყებენ

14

2017 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” სტარტს იღებს: დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ბრიუსელში, “მომცრო ეიზელზე” ბელგიის “შავ ეშმაკებს” ვეთამაშებით.

ქართველთა ზელანდიელი თავკაცი მილტონ ჰეიგი სეზონის საწყის ორ მატჩში ახალბედებს უპირებს გამოცდას. აქედან გამომდინარე, ნოემბრის ტესტებთან შედარებით გუნდი გადახალისდა. რაზმში მრავლად არიან ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოზრდილი და დაოსტატებული ბიჭები, მაგრამ ყველაფერში ზომიერების დაცვა რომაა საჭირო, ჰეიგი ზომიერად რისკავს – ოთხივე უკეპო თადარიგში უწერია.

სიახლეთა უმეტესობა ჩვენ ძლიერ მხარეს შერკინებას შეეხო. რვა ფორვარდიდან მხოლოდ სამი ჩაითვლება გამოცდილად და მათგან ერთადერთი – გიორგი ნემსაძე – ვეტერანად. პირველი ხაზის ჯამური ნამსახურობა მხოლოდ 8 კეპია, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საფრანგეთში გამოწრთობილი ქართველი ბიჭები მეტოქეს რამეს დაუთმობენ

ხაზში, შერკინებისგან განსახვავებით, შვიდიდან ხუთი რჩეული “ძველი გვარდიის” წევრია, კაპიტანი კია მათში ყველაზე უმცროსი, 24 წლის მერაბ ბუკა შარიქაძე. მე-60 კეპს მიითვლის გარემარბი სანდრო თოდუა, ხოლო თუ ოთხივე უკეპო მოთამაშე ჩაება ბრძოლაში, ამით ბორჯღალოსანთა ამქრის წევრთა რაოდენობა 245 გახდება.

 

შანსი ახალბედებისთვის

შაბათის რკენა ეროვნული ნაკრებისთვის 196-ეა. ბორჯღალოსანთა საერთო ბალანსია 118 მოგება – 70 წაგება * 7 ფრე (ქულათა სხვაობა +918, ლელოთა სხვაობა +168). საქართველო “რაგბი ევროპა | ერთა თასის” 9-გზის ჩემპიონია და ამ შეჯიბრში ქულათა 87.6 პროცენტი მოუგროვებია, ბელგიას კი აქამდე ორჯერ შევხვედრივართ და ორჯერვე მოგვიგია – ჯამში 52:13

ნაკრები ბრიუსელში ტულუზაში (საფრანგეთი) გამართული შეკრებიდან ჩავიდა. მილტონ ჰეიგი ტრადიციულად კმაყოფილი დარჩა მზადებით:

“შეკრებამ წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. ვივარჯიშეთ გეგმის თანახმად, შევათამაშეთ რგოლები. ბიჭებმა ბევრი იშრომეს; გუნდში მწვავე, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციაა. ეიზელზე რამდენიმე ახალგაზრდას გამოვცდით – ამ ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. ბელგიასთან თამაში მათთვის ჩინებული შანსი იქნება, რათა დაგვანახონ, რისი შნო აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ახალბედები საუკეთესოდ წარმოაჩენენ უნარებს. ამით კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით მიზანთა მიზანს – 2019 წელს, იაპონიაში, მსოფლიო თასზე წაყვანის კანდიდატთა წრეს გავიფართოვებთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები