მილორავების საგვარეულო საოჯახო მარანი და სასტუმრო „მილორაული“, მდებარეობს კახეთში, ქალაქ თელავში, თბილისიდან 100 კილომეტრში. სასტუმრო 19 წლის წინ დაარსდა ხოლო მარანი 2015 წელს.
ისტორია კი ბევრად ადრე დაიწყო – ბაბუა ალექსანდრე მილორავა უცხო ენების პედაგოგი გახლდათ, სამსახურის გამო კახეთში გადასახლება მოუწია, სადაც ღვინისა და მევენახეობისადმი გაჩენილი ინტერესი სიყვარულში გადაიზარდა. თავდაპირველად მცირე მარანი ჰქონდათ 2 ქვევრით, შემდგომ გააშენა ვაზის რამდენიმე ჯიში, ერთ-ერთი, წითელი ბუდეშურია, რომელიც მომავალში კომპანიის ლოგოს მთავარი თემატიკა ხდება, ბუდეშურის ბაბუასეული 100 წელს მიღწეული ვაზი კი დღემდე ამშვენებს მათ ეზოს.
შვილიშვილმა გადაწყვიტა ტრადიცია არამარტო გაეგრძელებინა არამედ შეენარჩუნებინა – უმცროსი ალექსანდრე მილორავაც თელავში იმავე სახლში ცხოვრობს, ღვინოს ქვევრში – კახური ტრადიციული მეთოდით აყენებს, თვლის, რომ დიდ რაოდენობაზე ხარისხის შენარჩუნება რთულია, მაშინ როცა ქვევრების რეცხვიდან დაწყებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმით დამთავრებული ყველაფერს ოჯახი ხელით აკეთებს, „მილორაულის“ მარანი წელიწადში მხოლოდ 5000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც ვარგდება და ინახება ქვევრში 4-5 თვის მანძილზე.
ასორტიმენტში დღესდღეობით 4 სახეობის ქარვისფერი და 4 სახეობის წითელი გამორჩეული, ჯიშის და ადგილწარმოშიბის ღვინო შედის, მანავის, წინანდლის,ახმეტის და ნაფარეულის მიკროზონიდან.
აწარმოებენ სამი არაქართული ჯიშის ღვინოსაც : „მონტეპულჩიანოს“, „სირას“ და „კაბერნეს“, რომელსაც ასევე კახური ტრადიციული მეთოდით ავარგებენ ქვევრში, ექსპერიმენტებს არ ერიდებიან რაც კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის „მილორაულის“ მარანს სტუმრებისთვის, სადაც ღვინის დაგემოვნება, ქართული სამზარეულოს გაცნობა და სასტუმროს მომსახურებით სარგებლობაც არის შესაძლებელი კახეთის ლამაზი ხედების ფონზე.
სამომავლო გეგმებში ახალი ვენახის გაშენება და წარმოების გაზრდა შედის, ღვინო ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდა, ფიქრობს, რომ კარგი ღვინის წარმოებით ამ დარგის განვითარებაში მოკრძალებული წვლილის შეტანას შეძლებს და ჩამოსულ სტუმრებს „მილორაულის“ ბოთლში მოთავსებული სიყვარულით და ისტორიით საქართველოში მეორედ დაბრუნების სურვილს გაუჩენს.
რქაწითელი ქვევრის
დამზადებულია თელავის რაიონის სოფელ გულგულაში მოყვანილი რქაწითელის ყურძნის ჯიშისგან, კახური ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიით. ფერით მუქი ქარვისფერია. გემოზე მკაფიოდ იგრძნობა ფენოლური ნაერთები და ძლიერი სხეული, რომელიც ბოლოვდება სასიამოვნო ჯიშური არომატით. ბუკეტში ძლიერ არის გამოკვეთილი რქაწითელისათვის დამახასიათებელი ჯიშური არომატები, ვაშლის ჩირისა და სხვა მშრალი ხილის ტონებით.
საფერავი ქვევრის
დამზადებულია ნაფარეულის მევენახეობის ზონაში, კერძოდ სანავარდოში მოყვანილი საფერავის ყურძნის ჯიშისგან. კახური ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიით.
ფერით ღია ბროწეულისფერია. გემოზე მკაფიოდ იგრძნობა მდიდარი ფენოლური ნაერთები და კენკრის გემო, რომელიც ბოლოვდება საფერავისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ჯიშური არომატით. ბუკეტში ძლიერ არის გამოკვეთილი საფერავის მდიდარი არომატები, შავი ქლიავის, მაყვლისა და მოცხარის ტონებით.
Montepulciano
მონტეპულჩიანო ქვევრის
დამზადებულია თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მოყვანილი იტალიური მონტეპულჩიანოს ჯიშის ყურძნისგან. დაყენებულია და დავარგებულია ქვევრში უძველესი კახური ტრადიციული ტექნოლოგიით. მუქი ლალისფერი ღვინო მდიდარი შავი კენკრის, იის და თამბაქოს არომატებით.
ქისი, ხიხვი, მწვანე (ტრიო)
დამზადებულია ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში, კახეთის რეგიონი, მოყვანილი ქისის 40% ,ხიხვის 40% და მწვანეს 20% ყურძნის უნიკალური ჯიშებისაგან, კახური ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიით. ფერით ქარვისფერია, გემოზე მკაფიოდ იგრძნობა ფენოლური ნაერთები და ძლიერი სხეული, რომელიც ბოლოვდება სასიამოვნო ჯიშური არომატებით. ბუკეტში ძლიერ არის გამოკვეთილი მდიდარი ჯიშური არომატები, გარგარის, ხურმისა და სხვა მშრალი ხილის ტონებით.
მწვანე ქვევრის
დამზადებულია საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, კახეთის რეგიონი, მოყვანილი მწვანეს ყურძნის უნიკალური ჯიშისგან, კახური ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიით. ფერით ქარვისფერია, გემოზე მკაფიოდ იგრძნობა ფენოლური ნაერთები და ძლიერი სხეული, რომელიც ბოლოვდება სასიამოვნო ჯიშური არომატით. ბუკეტში ძლიერ არის გამოკვეთილი მწვანეს მდიდარი ჯიშური არომატები, თაფლის, მსხალის, გარგარის და მშრალი ხილის ტონებით.
სირა (syrah) ქვევრის
დამზადებულია ნაფარეულის მევენახეობის ზონაში, კერძოდ სანავარდოში მოყვანილი სირას ყურძნის ჯიშისგან. კახური ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიით.
ფერით მუქი ლალისფერია .ბუკეტში ძლიერ არის გამოკვეთილი სირას მდიდარი არომატები, მაყვლის, შავი მოცხარის, ვანილის, შოკოლადის და წიწაკის ტონებით.