ბრატისლავაში გადაწყვიტეს, რომ ბილბორდებზე 2021 წელს მომხდარი სასიამოვნო ამბები განათავსონ. ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ გზით ადგილობრივები ცხოვრების პოზიტიურ მხარეს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
ინიციატივის ავტორი სლოვაკი მწერალი მარტინ სმატანაა. გასული წლის განმავლობაში ის პოზიტიურ ამბებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდა და ყოველ კვირას ახალ-ახალ ჩანაწერებს აკეთებდა. მისი ჩანაწერები ილუსტრაციებით გააფორმეს და მთელს დედაქალაქში გამოფენენ.
მაგალითად, ბრატისლავას ერთ-ერთ ქუჩაზე უკვე გამოჩნდა ბილბორდი, რომელიც ყველას ახსენებს ბავშვების შესახებ, ბავშვების, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის სიმბოლოდ ცისარტყელები დახატეს.
კარგი ამბების სია მთლიანობაში 50-მდე სასიამოვნო ისტორიას მოიცავს.