ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს მომავალში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების შეძენა აეკრძალებათ. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ახალი რეგულაციის მიზანი არის „თამბაქოსგან თავისუფალი თაობის“ შექმნა – ხელისუფლების განცხადებით, ეს მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეამცირებს მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დატვირთვას.

კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 5 ნოემბერს შევიდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება ეტაპობრივად შემცირდება და მომავალში პრაქტიკულად გაქრება ახალგაზრდებში.
ჯანდაცვის მინისტრმა გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახალი თაობა გაიზრდება ისე, რომ თამბაქოს გამოყენება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში საერთოდ არ იქნება ნორმა.