ბრიუსელში ევროპული კვარტლის მასშტაბური გამწვანებისთვის ემზადებიან. საუბარია რაიონზე, სადაც ევროკავშირის ადგილობრივი ოფისების დიდი ნაწილია განთავსებული. პირველ რიგში ცენტრალურ ქუჩას შეცვლიან – ასფალტისა და პარკინგის ნაცვლად იქ ფართო ტროტუარებს მოაწყობენ, ახალ ხეებს და ბუჩქებს დარგავენ, წერს Brussels times-ი.
ამჟამად Rue Guimard გადავსებულია საპარკინგე ადგილებით, ხოლო ხეები მიწის მცირე მონაკვეთზე ხარობენ, რის გამოც მათი ფესვები გზებითა და ტროტუარებითაა დაზიანებული. ახალი გეგმის მიხედვით, საპარკინგე ადგილებს რეორგანიზაციას გაუკეთებენ, ტროტუარებს გააფართოებენ, ხეების გარშემო კი სრულფასოვან მწვანე ზონებს შექმნიან. ასევე დაამატებენ ველოსიპედის სადგომებსაც.
სიახლე ევროპული კვარტლის გამწვანების პროექტის პირველი ეტაპი იქნება. ათასობით მეტრის ფართობის ტერიტორიაზე ასფალტს გაზონებით ჩაანაცვლებენ, განახლებულ ქუჩებზე დარგავენ ასევე მცენარეებს რომლებიც პეპლებსა და ფუტკრებს მოიზიდავენ.
პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, ასეთი ცვლილებები კვარტალს უფრო კომფორტულ საცხოვრებლად გადააქცევს.