ბუქარესტი – მთავარი რუმინული ქალაქი და ქვეყნის კულტურული ცენტრი. ის ტურისტებს იზიდავს მდიდარი ისტორიით, კოლორიტული ატმოსფეროთი და უჩვეულო ღირსშესანიშნაობებით – აქ აქვთ საკუთარი ტრიუმფალური თაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი პარლამენტი. მთავარი კი ძველი ბუქარესტია ვიწრო ქუჩებით, ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით.
თანამედროვე ბუქარესტი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ქალაქია, რომელმაც უკვე საგრძნობლად შეცვალა მისი იერი. შესაბამისად, ის ძველისა და ახლის საინტერესო მიქსია. აქ ერთმანეთის გვერდითაა სამსაუკუნოვანი ტაძარი, მინის საოფისე შენობები და კომუნისტური ეპოქის ბეტონის კოშმარი. ბოლო წლებია ევროკავშირის დახმარებით ბუქარესტი ევროპიზაციის გზას დაადგა.
ახლახან ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნა და ვლახების ქვეყანა ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და შესაბამისად მეტი დაინტერესების საგანიც გახდა.
ბუქარესტის რაიონები
ქალაქის გულია – ლიპსკანის ისტორიული რაიონი ამავე სახელწოდების საფეხმავლო ქუჩით.
ადრე ეს იყო სავაჭრო-სახელოსნო კვარტალი, დღეს კი ყველაზე პრესტიჟული და ტურისტებისთვის დასვენების საყვარელი ზონაა. აქ მდებარეობს უძველესი ადგილი – კურტია-ვეკე, სადაც ოდესღაც აღმართული იყო ლეგენდარული თავადის ვლად ცეპეშას რეზიდენცია. ამ სასახლეზე დღეს მხოლოდ რამდენიმე აგური ახსენებს, სამაგიეროდ იქვე მდგარი ტაძარი ბუქარესტის ყველაზე ძველი ნაგებობაა. ახლოსაა რუმინეთის ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, სამხრეთ-დასავლეთით კი სახელგანთქმული პარლამენტი.
ისევე როგორც რომი, ბუქარესტიც 7 ბორცვზეა გაშენებული.
ჩრდილოეთ რაიონებში ტბების ნაპირებთან ლამაზი პარკებია გაშენებული, ყველაზე ცნობილია ტეი, ფლორიასკა და ჰერასტრაუ. ქალაქის ეს ნაწილი გამოირჩევა მწვანე ბულვარებით, დიდებული შენობებით და ვილებით.
საინტერესოა პრიმევერიის რაიონი. სოციალიზმის დროს ის დახურული იყო – აქ მხოლოდ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. აქაური მთავარი ღირსშესანიშნაობაა გაზაფხულის სასახლე, ყოფილი მმართველის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეზიდენცია.
ტრანსპორტი
საქალაქო ტრანსპორტი წარმოდგენილია თანამედროვე ავტობუსებით, ტროლეიბუსებით, ტრამვაითა და მეტროთი (3 ხაზი, სამუშაო საათები: 5:00-23:30). მაგნიტური ბარათები შესასვლელში, ჯიხურებში იყიდება: 2 მგზავრობა – 4 ლეი, 10 – 15 ლეი, ერთდღიანი ულიმიტო – 6 ლეი.
მიწისზედა ტრანსპორტით მგზავრობა 1,30 ლეი ღირს. ერთდღიანი – 8 ლეი, ერთკვირიანი – 1,7 ლეი. ბილეთებს ან სამგზავროს ნებისმიერ ჯიხურში შეიძენთ, რომელსაც RATB ლოგო აქვს.
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა – 50 ლეი.
ტაქსი, როგორც წესი, მრიცხველებითაა აღჭურვილი. თუ არ არის, ჯობს ფასზე წინასწარ შეუთანხმდეთ. ტარიფი შესაძლოა მერყეობდეს 1,4-დან 3,5 ლეიმდე 1 კმ-ზე.
RON 10 რუმინული ლეი 6.4260
ბუქარესტის სამზარეულო და რესტორნები
რუმინული სამზარეულოსთვის დამახასიათებელია უბრალო და ნოყიერი საკვები. „მამალიგა“ (ღომისა და ჭადის მაგვარია) სავიზიტო ბარათია. ეს შესქელებული ფაფა ხორცთან გარნირად მიაქვთ. პოპულარული კერძებია – წვნიანი „ჩორბა“, შემწვარი ძეხვი „მიჩი“ (წაიქაბაბებს), დესერტი „პაპანაში“. ამ ყველაფრის დაგემოვნება შეიძლება საფირმო რესტორნების ქსელში La Mama.
რესტორანი Cara cu Bere ძველი ბუქარესტის საფეხმავლო ზონაშია. ის 150-წლიანი ისტორიითა და აუთენტური ინტერიერით იწონებს თავს. სტუმრებს აქ ნაციონალურ კერძებს, იქვე მოხარშულ ლუდს და ეროვნულ მუსიკას თავაზობენ.
ადგილობრივების გარდა, იტალიური სამზარეულოს უამრავი დაწესებულება მუშაობს. ასევე წარმოდგენილია ფრანგული, უნგრული, ბერძნული, ესპანური, მექსიკური, თურქული და ჩინური სამზარეულო. არც თუ ძვირ კაფეში სადილი 30 ლეი დაგიჯდებათ, ვახშამი ორ პერსონაზე ალკოჰოლით – 100 ლეიდან. წახემსება გზადაც შეიძლება – ქუჩაში ბევრ რამეს წააწყდებით (ყავა 8 ლეიდან). ბუნებრივია არის სწრაფი კვების ობიექტები – „მაკდონალდსი“, KFS, „საბვეი“ თუ ადგილობრივი “ლუკა”. ბიგ-მაკის, კარტოფილისა და კოკა-კოლას ნაკრები 20 ლეი ღირს.
აუცილებლად დააგემოვნეთ ბუქარესტული ბლითები. ის უამრავი შიგთავსით იყიდება საფირმო „კოვრიგის“ ადგილებზე.