LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BYD-ს პიკაპი ჰაკერული შეტევის სამიზნე გახდა – კომპანიას პროგრამული ხარვეზის გამოსწორება მოუწევს

109
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ჩინური ავტომწარმოებელი BYD თავისი Shark 6-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილ უსაფრთხოების ხარვეზს გამოასწორებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა ავტომობილის სისტემაში შეღწევა და რამდენიმე ფუნქციის დისტანციურად მართვა შეძლეს. 

ინციდენტი ავსტრალიურმა ABC-ის გადაცემამ Four Corners გამოავლინა. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა დენ ჰრეშჩუკმა და მისმა გუნდმა Shark 6-ის სისტემების შესწავლა ჩაატარეს და აჩვენეს, რომ ავტომობილზე გარკვეული ფუნქციების კონტროლი შესაძლებელი იყო. მათ შორის სპეციალისტებმა მოახერხეს ფარების, საქარე მინის საწმენდებისა და კარის საკეტების მართვა, ასევე მულტიმედიურ სისტემასთან წვდომა. 

ტესტირების დროს მკვლევრებმა ასევე შეძლეს ავტომობილის ადგილმდებარეობის მონიტორინგი და სალონში არსებული მიკროფონის გამოყენება. ექსპერტების განცხადებით, მათ გარკვეული სატელეფონო საუბრის მოსმენაც შეძლეს, რამაც კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გააჩინა. 

BYD Australia-მ მომხდარის შემდეგ საკუთარი შიდა გამოძიება დაიწყო და დაადასტურა, რომ პრობლემა ავტომობილის მულტიმედიურ სისტემაში აღმოჩენილ პროგრამულ ხარვეზს უკავშირდება. 

ამასთან, BYD-ის განმარტებით, ხარვეზის გამოყენების საწყის ეტაპზე ავტომობილთან ფიზიკური წვდომა იყო საჭირო. კომპანია უარყოფს იმგვარ ინტერპრეტაციას, თითქოს ნებისმიერ ჰაკერს უბრალოდ გზიდან შეეძლო Shark 6-ში შეღწევა და ავტომობილის ინტერნეტის საშუალებით დაუყოვნებლივ კონტროლი. კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიამაც განმარტა, რომ თავდაპირველი პროგრამული წვდომის მისაღებად ავტომობილთან ფიზიკური წვდომა ჰქონდათ. 

კომპანია Shark 6-ისთვის დისტანციურად გასავრცელებელ პროგრამულ განახლებას ამზადებს. განახლება მომხმარებლებს მას შემდეგ მიეწოდებათ, რაც პროგრამული ცვლილებები უსაფრთხოებაზე საფუძვლიანად შემოწმდება. BYD ასევე იკვლევს, შესაძლოა თუ არა მსგავსი პრობლემა მისი სხვა მოდელების პროგრამულ უზრუნველყოფასაც შეეხოს. 

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თანამედროვე ავტომობილებში კიბერუსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მექანიკური უსაფრთხოება. ავტომობილებში სულ უფრო მეტი ფუნქციაა დაკავშირებული ინტერნეტთან, მობილურ მოწყობილობებთან და დისტანციურ სერვისებთან, რის გამოც პროგრამული ხარვეზები პოტენციურად ახალი ტიპის რისკებს ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები