ქრისტინე მარტიაშვილი უკრაინულ „X ფაქტორში“ მონაწილეობს. ქართველი შემსრულებელი სპეციალურად ამ პროექტისთვის გაემგზავრა კიევში. მოგეხსენებათ, ჟიურიში ნინო ქათამაძე ზის. ქრისტინეს კონკურენტებთან გამოსვლის შემდეგ, სადაც მას მხოლოდ ორი სტროფი არგუნეს სამღერლად, ნინო ქათამაძე ძალიან გაცხარდა და ქართველი მონაწილის ჩაგვრის წინააღმდეგ გამოვიდა.
შემდეგ ტურში კი, ყაზახ მონაწილესთან დაპირისპირებისას, როცა კონკურენტებს ერთმანეთისთვის სიმღერები უნდა შეერჩიათ, ქრისტინემ მას სასურველი სიმღერა შეურჩია, ხოლო ყაზახმა კონკურსანტმა ქართველის სურვილები არ გაითვალისწინა. საბოლოოდ, ორივე, ქრისტინეც და აიუც შემდეგ ტურში გადაიყვანეს.
ქრისტინეს უკრაინაში დავუკავშირდით:
„ჩემი დაჩაგვრა არც ისეთი მარტივია (იღიმის), უბრალოდ,სკანდალები არ მინდოდა. ისედაც საკმარისი იყო, რაც ხდებოდა, პატარები იყვნენ. არ დამიჯერეს, არასწორად მღერით-მეთქი, რომ ვუტხარი, ეწყინათ და კოპირებას არ გავაკეთებთო. აიუმ რომ დაინახა, როგორ ვმღეროდი ამ სიმღერას, ისტერიკაში ჩავარდა, ამიტომ აარჩიე ეს სიმღერა, რომ კარგად გამოგდისო და გადაწყვიტეს, ორი სტროფი მოეგდოთ. ბევრი ვიომე, მაგრამ ხუთ კაცთან ვერაფერს გავხდი და ხმა აღარ ამოვიღე, დანარჩენი თავადაც ნახეთ.
ყაზახ კონკურსანტთან დაპირისპირებაზე რას იტყვი?
პირველივე დღეს, აიბუ რომ დავინახე, ისე მომეწონა ვიზუალურად, აღვნიშნე კიდეც, ვერ დავმალე (იღიმის). საოცარი თმა აქვს… თავიდან ყველაფერი კარგად იყო, სანამ ვიმღერებდი. იმ დღის მერე, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ, ისევ აიბუსთან დამაწყვილეს. ვიცოდი, რომ რიანაზე გიჟდებოდა და შევურჩიე მისი Russian Roulette, კონფლიქტამდე ვილაპარაკეთ და ვუთხარი, რომ ჯესი ჯეი ტექნიკურად სუპერმომღერალია, მაგრამ თავს მატკივებს და ვერ ვუსმენ-მეთქი. ჩაიცინა, როცა ჯესი ჯეი შემირჩია და თუ კარგად დააკვირდებით, თავადაც შეამჩნევთ. პროდიუსერმა მითხრა, შეგიძლია, რუსული სიმღერა აურჩიოო და უარი ვთქვი. არ მინდოდა, უსამართლოდ მოვქცეულიყავი.
ბევრი ვინერვიულე, ჯესი ჯეის სიმღერა რომ შემირჩია, რადგან ჩემთვის დაბალ რეგისტრში სიმღერა ბევრად უფრო კომფორტულია, ბოლოს ოქტავით დაბლა ვიმღერე.
ნინო ქათამაძე აღშფოთდა, მხოლოდ ორი სტროფი რომ მოგცეს და მას ჟიურის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ. ნინოს კულისებშიც ხომ არ გასაუბრებიხარ?
არა, ჟიურის წევრებთან შეხება არ გვქონია.
შენთვის ალბათ ეს ორი ტური ძალიან დამღლელი იყო?
საშინელება იყო (იღიმის). მეგონა, შვიდი დღე, როცა ვემზადებოდით, ერთ თვეს გაგრძელდა, საერთოდ არ გვქონდა ძილის დრო. რამდენიმე ადამიანმა პროექტი დატოვა, რადგან ვერ გაუძლეს. იმდენად რთული იყო, რომ ახლა ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მე ვერ გავუძლო (იღიმის)…
შემდეგ ტურებში რა ხდება?
გავა ნელ-ნელა ვიდეოები. ყველაფრის თქმის უფლება არ მაქვს, კონტრაქტის მიხედვით გაფრთხილებულები ვართ, შემდეგი ვიდეო შაბათს გავა და აუცილებლად განვათავსებ ჩემს გვერდზეც (იღიმის).
ნინო მურღულია