პეკინში გაიხსნა პირველი სრულად ავტონომიური სასურსათო მაღაზია, სადაც მომხმარებლებს ჰუმანოიდი რობოტი მოემსახურებათ.
გამოცემა Futurism-ის ინფორმაციით, მაღაზია აგვისტოს თვიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. მას მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს, რობოტი Galbot G-1. ჰუმანოიდი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებს, ხვდება კლიენტებს, ესალმება, სასურველ პროდუქტს აწვდის, იღებს თანხას, მაღაზიაში იცავს წესრიგს და ა.შ.
მაღაზიაში დღის განმავლობაში ასობით ადამიანი შედის, შრომისმოყვარე რობოტის ნახვა ყველას სურს. ამასთან, Galbot საკმაოდ ნელა მუშაობს, დახლამდე მისვლისთვის და უკან დასაბრუნებლად ადამიანზე ბევრად მეტი დრო სჭირდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცნობისმოყვარე კლიენტების რიგები კარებთან არა და არ იკლებს.
აღსანიშნავია, რომ რობოტი კომპანია Galbot-ს ეკუთვნის და როგორც მისმა დირექტორმა განაცხადა, მომავალი წლისთვის ჩინეთში ასობით ასეთი მაღაზიის გახსნა იგეგმება, რაც ტრადიციულ შეხედულებებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეცვლის. თუმცა, სერიოზული გეგმების შესრულებამდე კომპანიის სპეციალისტები რობოტის სიჩქარის გაზრდასაც შეეცდებიან.