ჩინეთში ოფიციალურად გაიხსნა 22,13 კილომეტრის სიგრძის „თიანშან შენლი“ – ქვეყნის ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბი. ამის შესახებ სააგენტო Xinhua იუწყება. მსოფლიოში ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბის სტატუსს კვლავ ნორვეგიაში მდებარე ლერდალის გვირაბი ინარჩუნებს, რომელიც ჩინურ ნაგებობაზე 2,38 კილომეტრით გრძელია.
გვირაბის მაქსიმალური სიღრმე 1,1 კილომეტრს აღწევს. იგი კვეთს 16 გეოლოგიური რღვევის ზონას და მშენებლობის პროცესში ინჟინრებს მაღალი მიწისქვეშა წნევის, სეისმური აქტივობისა და უკიდურესად ცივი კლიმატური პირობების დაძლევა მოუხდათ.
„თიანშან შენლი“ მდებარეობს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, სინძიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონში. ახალი გვირაბის ამოქმედების შემდეგ მთიან ტერიტორიაზე მგზავრობის დრო რამდენიმე საათიდან მხოლოდ 20 წუთამდე შემცირდა.
ამავე დროს ექსპლუატაციაში შევიდა ავტომაგისტრალი G0711 ურუმჩი – იული, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს და სინძიანის ჩრდილოეთ და სამხრეთ ურბანულ აგლომერაციებს აკავშირებს. შედეგად, ურუმჩისა და კორლას შორის მგზავრობის დრო 7 საათიდან 3 საათამდე შემცირდა.
ხუთი წლის განმავლობაში აგებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიგრძე 324,7 კილომეტრია, ხოლო პროექტის საერთო ინვესტიციამ 6,63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.