LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონია

110

ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81 კგ) ტოკიოს გრან-სლემის გამარჯვებულია.

ის მეორე ქართველი გახდა, ვინც ეს ზეპრესტიჟული შეჯიბრება მოიგო – 33 წლის წინ, 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო.

ფინალისტიც მხოლოდ სამჯერ გვყავდა – 1981-82 წლებში ბოდაველმა ზედიზედ იჭიდავა, შარშან კი იქამდე ლევან მატიაშვილიც (+100) მივიდა.

ჭრიკიშვილმა პირველივე შეხვედრაში ვაზარით გამოცდილი იაპონელი კეიტა ნაგაშიმა ჩამოიცილა.

ახალგაზრდა და პერსპექტიული ჰოლანდიელი ფრენკ დე უაიტი იუკოს შემდეგ დაიპონა, ახალგარდებში მსოფლიოს ჩემპიონი ბერძენი რომან მასტოპულოსი კი პირდაპირ ბეჭებზე დააგდო.

ნახევარფინალში გაფრთხილებებით მოუგო კორეელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიადის ჩემპიონ კი ჩუნ ვანს, ფინალში კი მისი თანამემამულე სეუნსუ ლიც, ვინც ნახევარფინალში ჭრიკიშვილის მთავარი კონკურენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა (ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს იაპონელი) გამართული ტაქტიკით, ჩავლებებზე დამყარებული ჭიდაობით ასევე გაფრთხილებებით დაჯაბნა. ოღონდ ორივე შეხვედრაში ინიციატივას ჩვენებური ფლობდა.

ამ გამარჯვებით ჭრიკიშვილმა არათუ შეინარჩუნა რეიტინგის ლიდერობა, მნიშვნელოვნადაც გაიმყარა ის.

ამავე წონაში უშანგი მარგიანიც ჭიდაობდა და მეშვიდეზე გავიდა.

მანამდე კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები