კომპანია Citroen გეგმავს, რომ 2017 წელს წარადგინოს რევოლუციური დაკიდებს სისტემა, რომელიც ამ ეტაპზე არსებულ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სისტემას ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ფრანგული კომპანიის დირექტორის – ლინდა ჯექსონის განცხადებაზე დაყრდნობით, გამოცემა Autocar.com წერს.
მსგავსი დაკიდების სისტემით ამ ეტაპზე C5 მოდელები სარგებლობენ. ამ სერიის ავტომობილებს კი კომპანია 2008 წლიდან 2012 წლამდე აწარმოებდა. თუმცა, როგორც ლინდა აცხადებს, Citroen არ აპირებს ძველი მოდელების ხელახალ წარმოებას.
”კომფორტი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ კი ვალდებულები ვართ, მათ ეს მოთხოვნა შევუსრულოთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შევქმნათ ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა, რომელსაც ნებისმიერ გზის პირობებში შეეძლება ადაპტაცია.” – განაცხადა ლინდა ჯექსონმა.
თუ მის ნათქვამს დავუჯერებთ, რევოლუციურ დაკიდების სისტემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ძალიან მალე პრეზენტაციაც გაიმართება. თუმცა, დამატებით დეტალებზე კომენტარი მას არ გაუკეთებია.
როგორც ლინდა ჯექსონი აცხადებს, ახალი თაობის დაკიდების სისტემა მხოლოდ Citroen-ის ბრენდის მფარველობაში მყოფ ავტომობილებს დაუმონტაჟდება. ამ სიახლის გამო ფრანგულ კომპანიაში 2020 წლისთვის 15% მოგებას ელიან, რაც წელიწადში 1,6 მილიონ ავტომობილს შეადგენს.