ცხვირის ძგიდე თითქმის არასდროს არის იდეალურად თანაბარი და სწორი, არსებობს მისი ბუნებრივი შესქელებები იმ ადგილებში, სადაც ხრტილი გადადის ძვალში. ძგიდის გამრუდებას თან ახლავს ცხვირით სუნთქვის გაძნელება (გაჭედილი ცხვირი). ის შეიძლება იყოს მუდმივი, პერიოდული, ყოველთვის ერთ ნესტოში ან მონაცვლეობით; თანდართული სიმპტომებია: ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი; ლორწოვანის გადაღვრა ხახის უკანა კედელზე; ყურების დაგუბება; პირის სიმშრალე; ძილის დარღვევა, ხვრინვა, დღისით დაღლილობა; თავის ტკივილი; მიდრეკილება გახშირებული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისადმი; სისხლდენა ცხვირიდან.
ცხვირის გამრუდებული ძგიდის ქონის შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვობაშივე, შემდეგ კი ზრდასთან ერთად განვითარდეს და თანდათან უფრო გაძლიერდეს. ძგიდის გამრუდების მიზეზებია: ცხვირის ძვლოვან-ხრტილოვანი ჩონჩხის არათანაბარი ზრდა; ცხვირის ან სახის ტრავმა. ყველა ადამიანს აღენიშნება ცხვირის ციკლი: ცხვირის ერთი ნახევარი მუშაობს უფრო ინტენსიურად, მაშინ, როცა მეორე “ისვენებს“, გარკვეული დროის გავლის შემდეგ ისინი ერთმანეთს ცვლიან. ნორმალურად განლაგებული ცხვირის ძგიდისას და ცხვირში სხვა პათოლოგიების არარსებობისას ადამიანი ამას ვერ ამჩნევს.
ცხვირის ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულად ხდება. ოპერაცია უნდა ჩატარდეს ზოგადი ნარკოზით.
მნიშვნელოვანი მომენტია – პოსტოპერაციული პერიოდის მართვა. ცხვირში ნაწიბურების თავიდან ასაცილებლად ტარდება ცხვირის გულდასმითი დამუშავება ჯერ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ პოლიკლინიკაში.