LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვილის სამყარო: ვის ნახავთ მადრიდის ცვილის ფიგურების მუზეუმში

56

მადრიდის ცვილის ფიგურების მუზეუმი (Museo de Cera) მსოფლიოში ცნობილ მუზეუმებს შორის არ ფიგურირებს და თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამართლიანადაც. არც მუზეუმის გარეგნული იერსახე და მით უმეტეს, არც წარმოდგენილი ექსპონატები ამის საშუალებას არ იძლევა. ქვეყანაზე ყველაფერი შედარებითია და ასე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ მას სახელგანთქმულ მადამ ტიუსოს ნამუშევრებს ვადარებთ. მადრიდის მუზეუმი კი იმით გამოირჩევა, რომ აქ არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებებია გამოყვანილი, არამედ ისტორიული თუ სხვადასხვა ცნობილი სცენებია ასახული (მაგალითად, პერუს და მექსიკის დაპყრობა, დიეგო ველასკესის თუ გოიას სახელგანთქმული შედევრები – 3 მაისის აჯანყების ჩახშობა თუ მენინების ოჯახი).

მადრიდის ცვილის ფიგურების მუზეუმი 1972 წლის თებერვალში გაიხსნა. იგი ქალაქის პრესტიჟულ რიონში, რეკოლეტოსზე მდებარეობს, კოლუმბის მოედნის სიახლოვეს. დღეისათვის მუზეუმი 500-მდე ცნობილი ადამიანის ცვილის ასლს ითვლის.

ამა თუ იმ გმირის მაქსიმალურად ზუსტად გამოსახატავად დიდი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ტარდება და ხშირ შემთხვევაში არქივების შესწავლა ხდება, თუმცა მიუხედავად ამისა, უკვე ვთქვით, რომ მადრიდის ცვილები ხარისხით ძალიან შორს არიან მადამ ტიუსოს მუზეუმის ბინადრებისგან და ხშირ შემთხვევაში უფრო კარგ სათამაშოებს წააგვანან. ალბათ ამის გამოც არის, რომ ბავშვები ხშირი სტუმრები არიან და მათთვის სპეციალური ფასდაკლებებიცაა.
საინტერესოა, რომ ცნობილი პიროვნებები საკუთარ ტანსაცმელსაც ჩუქნიან თავის პროტოტიპებს. ექსკლუზიურად შემიძლია გითხრათ, რომ რიგში ცნობილი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო დგას, რომელიც ზომების ასაღებად უკვე იმყოფებოდა მუზეუმში.
მუზეუმის კოლექცია თემატურ სექციებად არის დაყოფილი: ისტორიის, ხელოვნების, მეცნიერების, გართობის, სპორტის, საბავშვო განყოფილებები ერთმანეთს ენცვლებიან და შემდეგ დარბაზები საშინელებათა მატარებელთან გადის.

პატარა ვაგონები ბნელ გვირაბში მოგზაურობს და გზადაგზა ურჩხულების, უცხოპლანეტელების და თვით ვიეტნამის ომის გმირის რემბოს (სტალონეს პროტოტიპი) გარემოცვაში აღმოჩნდებით.
ძალიან გასართობია ე.წ. სიმულატორი, რომელიც 7D ეფექტს ქმნის და ჩინეთის დიდი კედელთან მოგზაურობისას თავად განიცდი თუ როგორ მიყავხარ ველოსიპედისტ ბიჭს სხვადასხვა სახიფათო ადგილზე. სიმულატორი ცვალებადია და მის მიხედვით მოგზაურობა იცვლება ხოლმე, ხან კოსმოსში აყავხარ და ხან წყალქვეშ ჩაგიყვანს.
მოდი, მაინც ჩამოვთვალოთ იმ ცნობილი პიროვნებების გარკვეული ნაწილი, ვისი ცვილის ასლების ნახვა მადრიდში შეგიძლიათ:

ესპანეთის სამეფო ოჯახი, კლეოპატრა, იულიუს კეისარი, ნერონი, ესპანეთის პირველი ხალიფა აბდერამან III, ქრისტეფორე კოლუმბი, დიქტატორი ფრანკო, ასევე მიგელ დე უნამუნო, ფედერიკო გარსია ლორკა, ანტონიო მაჩადო ლიტერატურული კაფედან, რა გასაკვირია, რომ ცალკე განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სერვანტესს.

იქვე საქმიანობენ სალვადორ დალი, გოია, ტომას ედისონი, ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი…

გამოყოფილია ესპანელთათვის საამაყო მატადორები – ენრიკე პონსე და აღბეჭდილია მანოლეტეს სიკვდილი; სპორტის განყოფილებაში ნახავთ მსოფლიო ჩემპიონებს (კასილიასი, ტორესი, ინიესტა და მწვრთნელი დელ ბოსკე), იქვე არიან კრისტიანო რონალდო, პაუ გასოლი, მაიკლ ჯორდანი, რაფაელ ნადალი და სხვები.

პოლიტიკოსებიდან შეგიძლიათ გაიცნოთ ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, აწგარდაცვლილი ჰიტლერი, არაფატი, ინდირა და მაჰათმა განდები, პრინცესა დიანა, კენედი და ლინკოლნი და ა.შ.

ასევე მოყვანილია რელიგიური სცენები, მათ შორის საიდუმლო სერობა. ამ სცენას მოპირდაპირე მხრიდან უყურებენ პირველი არაიტალიელი პაპი ხუან პაბლო II, ბენედიქტ VII და სხვები.

კინოსა და შოუბიზნესის ვარსკლავებიდან წარმოდგენილი არიან: ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, ჯორჯ კლუნი, ლეონარდო დი კაპრიო, ანტონიო ბანდერასი, ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი, ვუდი ალენი, მერილინ მონრო, ჯასტინ ბიბერი, „ბითლზები“, ელვის პრესლი, მონსერატ კაბალიე, მაიკლ ჯექსონი…

ბავშვების გულის გასახარად გაკეთებულია ჯეკ ბეღურა, ბაზ ლაითერი, ვუდი, სპაიდერმენი, ბეტმენი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, წითელქუდა მოძრავი მგელით და სხვა.

მოკლედ ამ ყველაფრის ნახვა სახალისოდ მაინც ღირს, ყოველ შემთხვევაში თუ სახეზე მაინც და მაინც არ მოგეწონებათ ესა თუ ის ვარსკვლავი და წარმოდგენა დაგეკარგათ, იმას მაინც ზუსტად შეიტყობთ, რა სიმაღლისანი იყვნენ და როგორ ეცვათ. ეს სიამოვნება კი, სანამ რაიმე შეიცვლება, 19 ევრო ღირს ერთი ზრდასრული ადამიანისთვის. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.

ვახტანგ დარასელია

მადრიდი-თბილისი

[Best_Wordpress_Gallery id=”49″ gal_title=”mogzauroba”]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები