LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადება

115
დაავადება

დაავადება პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე. როდესაც ადამიანს რომელიმე სნეულება შეეყრება, მის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება, ხშირად უსიამოვნო. ადამიანი შესაძლოა დაავადებული დაიბადოს ან შემდეგ დაავადდეს ტრავმის, ინფექციის, ან სხვა მიზეზის გამო. ზოგიერთი სნეულება, მაგალითად დიაბეტი, პოტენციურად სახიფათოა, მაგრამ სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ორგანიზმს დიდი ზიანი არ მიადგება. ბევრი დაავადება ინფექციურია. ეს ნიშნავს, რომ მათი გამომწვევი მიკროორგანიზმები ჰაერით ან ფიზიკური კონტაქტით გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ასეთ მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება ბაქტერია, ვირუსი და სოკო.

ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებია: საკვებით მოწამვლა, ტუბერკულოზი, ტეტანუსი და ხეხილის ავადმყოფობა. ბაქტერიებს ანტისეპტიკური პრეპარატებითა და ანტიბიოტიკებით ებრძვიან. ზოგიერთი ბაქტერიისაგან თავდაცვა წინასწარი აცრითაც შეიძლება. ამგვარ დაცვას იმუნიზაცია ჰქვია. ვირუსი რამდენიმე დაავადებას იწვევს, მათ შორის — შიდსს, ცოფს, წითელას, ჩუტყვავილას, გრიპსა და ჩვეულებრივ გაციებას. ვირუსულ დაავადებას ანტიბიოტიკები ვერ მოერევა. ამ შემთხვევაში ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება. სოკო ადამიანში იწვევს მიკოზს, სირსველსა და სხვა სნეულებებს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჩლიქების ლპობასა და მცენარეთა მრავალ დაავადებას. სოკოვან სნეულებებს საგანგებო ფხვნილებითა და მალამოებით კურნავენ, რომლებიც სოკოს სპობს.

ზოგჯერ, მრავალ ადამიანს ერთდროულად შეეყრება ერთი და იგივე სნეულება. ამას ეპიდემია ჰქვია. ისეთ სნეულებათა ეპიდემია, როგორიც ქოლერა და ტიფია, მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები მიკრობებით დასნებოვნებულ წყალს სვამენ ან საკვებს ჭამენ, ხოლო წითელასა და გრიპის ეპიდემიის გამომწვევი ვირუსები ხველით, ცემინებით ან ავადმყოფთან ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის. მემკვიდრეობითი დაავადება მშობლებისგან შვილებს გადაეცემა. ერთ–ერთი არის ჰემოფილია, რომლის დროსაც სისხლის შედედება შენელებულია. ასეთი თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვებს საგანგებო მკურნალობით უმსუბუქებენ მდგომარეობას, თუმცა ჰემოფილიას სრულად ვერ კურნავენ. არსებობს ფსიქიკური დაავადებაც. ეს გონების პრობლემაა. ფსიქიკური სნეულების მძიმე ფორმას ფსიქოზი ჰქვია, ხოლო შედარებით მსუბუქს – ნევროზი. ამ სნეულებით დაავადებული ადამიანი უჩვეულოდ იქცევა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები