დალტონიზმი არის თვალის მიერ ფერთა სრულფასოვანი აღქმის შეუძლებლობა, რომელიც თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებაა. დალტონიზმის ფორმებია: პროტანოპია – წითელი ფერის აღქმის უუნარობა; დეიტერანოპია – მწვანე ფერის აღქმის უუნარობა; ტრიტანოპია – ლურჯი ფერის აღქმის უუნარობა. დალტონიზმი არის ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე, რომლის დროსაც ადამიანი ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს ზოგიერთ ფერს, მეტწილად – წითელსა და მწვანეს. ტვინი ნებისმიერ ფერს ამ სამი ფერის ურთიერთშეხამებით აღიქვამს. ამას ტრიქრომატულ მხედველობას უწოდებენ. სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ამოვარდნის შემთხვევაში ვითარდება ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე ანუ დიქრომაზია. დიქრომაზიის შემთხვევაში ადამიანები ფერებს ძირითადად მათი სიმკვეთრის მიხედვით არჩევენ. ასეთ პირებს ხარისხიანად მხოლოდ თბილი ტონების გარჩევა შეუძლიათ.
ჯანმრთელი თვალის ბადურაში კონცენტრირებულია სპეციალური რეცეპტორები, რომლებიც შეიცავენ წითელი, მწვანე და ლურჯი ფერისადმი მგრძნობიარე პიგმენტებს, რაც ჯამში ფერთა პალიტრას აყალიბებს.როდესაც პიგმენტები საკმარისი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი, ან დარღვეულია კოლბების სრულფასოვანი ფუნქციონირება, ყალიბდება დალტონიზმი.
არის შემთხვევები, როდესაც შეიმჩნევა მხოლოდ ფერთა შესუსტებული აღქმა – პროტანომალია (წითელი ფერის შესუსტებული აღქმა) და დეიტერანომალია (მწვანე ფერის შესუსტებული აღქმა). თანდაყოლილი ფერითი სიბრმავის ყველა ფორმა მემკვიდრეობითი ბუნებისაა. შეძენილი ფერითი სიბრმავე შეიძლება აღმოცენდეს მხედველობის ორგანოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს. დიაგნოსტიკა და მკურნალობა გულისხმობს ფერითი მხედველობის დარღვევების გამოვლენას სპეციალური ცხრილების ან სპექტრული ხელსაწყოების მეშვეობით. დალტონიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება.