დანიაში 17 წლის მძღოლებს დღეიდან ავტომობილის მართვა უფროსის გარეშე შეეძლებათ, ოღონდ მხოლოდ დღის საათებში. ადრე სავალდებულო იყო, რომ ავტომობილში მოზარდთან ერთად 24 წელზე უფროსი პირიც ყოფილიყო, რომელსაც მინიმუმ მართვის ხუთწლიანი გამოცდილება ექნებოდა.
რეფორმის მიზანია ის, რომ მოზარდებმა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება სასწავლებელში, სამსახურში ან წრეებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შორეულ რეგიონებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა ახალგაზრდების შესაძლებლობებს ზღუდავს.
ახალი წესების თანახმად, 17 წლის მძღოლებს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ დილის 5 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ღამის პერიოდში გამოცდილი უფროსის თანხლება ისევ სავალდებულო იქნება.
დანიის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ავარიების რიცხვს არ გაზრდის. ამას ადასტურებს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც მსგავსი წესები უკვე მოქმედებს.
თუმცა საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ გამოუცდელი ახალგაზრდები შესაძლოა უფრო ხშირად მოხვდნენ საგზაო შემთხვევებში. ისინი მშობლებს ურჩევენ, შესაძლებლობის შემთხვევაში, კვლავ ახლდნენ შვილებს ავტომობილის მართვისას.