დანიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სენერბორგში და ორჰუსში, ტესტირებას გადის “ჭკვიანი ჭიქა”, რომელიც აკონტროლებს, რამდენ წყალს სვამენ ხანდაზმული ადამიანები. სიახლის შესახებ AAL Europa წერს.
ასაკის მატებასთან ერთად, წყურვილის შეგრძნება იკლებს, რის გამოც ადამიანმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს, რომ საკმარის სითხეს არ იღებს. გაუწყლოების შედეგებია თავბრუსხვევა, სისუსტე, წნევის მკვეთრი ცვლილება და ჰოსპიტალიზაციის მომატებული რისკი. რეკომენდაციების მიხედვით, ხანდაზმულმა ქალებმა დღეში 1.6 ლიტრი წყალი უნდა მიიღონ, ხოლო მამაკაცებმა – 2 ლიტრი.
ინოვაციურ ჭიქას აქვს სენსორი, რომელიც ყოველ ყლუპს აფიქსირებს და მონაცემებს ავტომატურად გზავნის ელექტრონულ სისტემაში. თუ ადამიანი ხანგრძლივად არ იღებს სითხეებს, მოწყობილობა მსუბუქ მელოდიურ სიგნალს გამოსცემს. შემდეგ ეს ინფორმაცია პირდაპირ სოციალურ მუშაკებთან მიდის.
საპილოტე პროექტებმა უკვე აჩვენა დადებითი შედეგები: ხანდაზმულებმა უფრო მეტი წყლის მიღება დაიწყეს.
თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება ხანდაზმულებთან სოც-მუშაკების ცოცხალი კომუნიკაცია შეამციროს. ტესტირების ქალაქებში კი აცხადებენ, რომ ჭკვიანი ჭიქები უბრალოდ დამხმარე ხელსაწყოა და მეტი არაფერი.