კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი „ავტორადიოზე“ გადაცემა „VIP ზონას“ სტუმრობდა. მან ისაუბრა იმ პრეტენზიაზე, რომელიც თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით გაუჩნდა. მისი თქმით, ძვალთან ერთად შესრულებული „შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო“ ჰიტია და მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა კონცერტზე, რომელიც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 18 ოქტომბერს მეიდანზე გაიმართა. მან ამ კონცერტს „პანაშვიდი“ უწოდა.
მაიკო კაჭკაჭიშვილი:
„პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ვინც ამ კონცერტზე მღეროდა, ჩემი მეგობრები არიან და მათთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ არ მაქვს ის ასაკი, რომ მივიჩნევდე, ჩემი დრო დამთავრდა და არც დაბოღმილის პოზიციიდან ვლაპარაკობ. უბრალოდ, თემატურად მაქვს პრეტენზია. მე და ძვალს გვაქვს სუპერჰიტი თბილისზე „შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქი“, შეგიძლიათ დარწმუნდეთ „იუთუბზე“ ნახვებით, რომ დღემდე აქტუალურია. მაინტერესებს, რატომ არ ვიყავით თბილისობის კონცერტზე მე და ჩემი ბევრი მეგობარი. ის სიმღერები, რაც შესრულდა, ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ახალი ინტერპრეტაციები ყოფილიყო, ისევ ის ჟღერადობა იყო, რომელიც 3 წლის ასაკში მესმოდა. მე ძალიან არ მომეწონა.
ყველა ჩემს კოლეგას აქვს კითხვა, რა კრიტერიუმით შეარჩიეს მომღერლები. „რატომ არ?“ აი, ეს შეკითხვა გვაქვს. არც ჰონორარი მაინტერესებს, არც პოპულარობა. ვერ შევძლებდით ცოცხლად სიმღერას, თუ რა კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებდით?!.“
წამყვანის შეკითხვაზე, ნახა თუ არა სტატუსი, რომელიც თაკო გაჩეჩილაძემ თავის „დაბოღმილ კოლეგებს“ მიუძღვნა, მაიკომ უპასუხა: „მე თაკოს კოლეგა არ ვარ, ის მომღერალია და მე კომპოზიტორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როგორც მომღერალს, არ დამწყდა გული, არამედ როგორც თემატური სიმღერის ავტორს. ალბათ, თაკომ არ მიგულისხმა და თუ მიგულისხმა, ეშლება, ბოღმა ნამდვილად არ არის სწორი სიტყვა“.
მაიკომ დაბლოკვის თემაც ისაუბრა და თქვა, რომ მომღერლებს არასდროს ბლოკავდნენ, თუმცა ახლა არავინ ხელს არ უწყობს.