LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარიალის ხეობაში განათების მონტაჟი მიმდინარეობს

33

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, დარიალის ხეობაში დროებითი უსადენო განათება მონტაჟდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში 60 ლედგანათების ბოძი განთავსდება და პერიმეტრს სრულად გაანათებს, რაც გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ასევე, ევაკუაციის შემთხვევაში, განათებული გზა გაამარტივებს სტიქიის ზონიდან ადამიანების, მანქანების და ტექნიკის გამოყვანას.

მათივე ინფორმაციით, ხეობაში მიმდინარე სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ პირადად დაათვალიერა.

დარიალის ხეობაში საავტომობილო გზაზე გადაადგილება 23 ივნისს მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა თერგის კალაპოტი გადაკეტა და მდინარეს მიმართულება შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

სამინისტროს ცნობით, ამჟამად, დარიალის ხეობაში გზა აღდგენილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა განსაზღვრული რეჟიმით ხორციელდება.

ipn.ge