დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას დედაქალაქის მერი უძღვება. დავით ნარმანიამ დღეს გზებზე არსებული შეზღუდვების გამო, რომელიც დისკომფორტს იწვევს, მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
დავით ნარმანიას განმარატებით, პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით, ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა მერიამ და იმ უბნებში, სადაც გადატვირთულია მოძრაობა და საცობებია, დასუფთავების ავტომანქანებისთვის სპეციალური მუშაობის რეჟიმი მომზადდა.
“ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ვიწროა ქუჩები და ინტენსიურია მოძრაობა, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, დილის 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე და საღამოს 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე – ანუ პიკის საათებში, დასუფთავების ავტომანქანები ასეთ ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ. ეს გარკვეული თვალსაზრისით იმოქმედებს მოძრაობაზე და ინტენსიურს გახდის გადაადგილებას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ნარმანიამ ასევე მიმართა მოსახლეობას დასუფთავების საკითხს თავადაც პასუხისმგებლობით მოეკდიონ.
„მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს, რომ მაქსიმალურად მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოეკიდონ დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხს და ხელი შეგვიწყონ აღნიშნული გეგმის განხორციელებაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენს ქალაქში სისუფთავის შენარჩუნება,“ – აღნიშნა თბილისის მერმა.