მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატის Pro Wrestling League-ის მეოთხე სეზონი ყველაზე წარმატებული დავით მარსაგიშვილისთვის გამოდგა.
ჩემპიონატზე ტრადიციულად საქართველოს ნაკრების წევრებმაც იასპარეზეს. მარსაგიშვილი შარშანდელი ჩემპიონის „პანჯაბ როიალსის“ (NCR Punjab Royals) ღირსებას იცავდა. ევროპის ორგზის ჩემპიონ მარსაგიშვილის გუნდმა, წრიულ ეტაპზე ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირაკლი მწითურისა და ყატარის სახელით მოასპარეზე გიორგი საკანდელიძის „დანგალი“ (UP DANGAL) დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „ჰარიანა ჰამერსთან“ (Haryana Hammers) 3:6 დამარცხდა და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
რაც შეეხება თავად მარსაგიშვილს, მან შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო.
ტურნირი, რომელიც მეოთხე წელია ტარდება, თავისი შემადგენლობით, საკლუბო ჩემპიონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრესტიჟულია.
ფინალში ერთმანეთს შარშანაც ეს გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება „პანჯაბ როიალსს“ დარჩა, რომლის შემადგენლობაშიც გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი ასპარეზობდნენ, „ჰარიანა ჰამერსის“ ღირსებას კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იცავდა. კიდევ ერთი წლით ადრე კი, ჩემპიონის ტიტულის მოგება ასევე „პანჯაბ როიალსის“ შემადგენლობაში თავად ხინჩეგაშვილმაც შეძლო.
ინდოეთის პროლიგამ ყურადღება ვარსკვლავრი შემადგენლობით მიიქცია. ტიტულოვან სპორტსმენებს კი მაღალი ჰონორარებით იზიდავენ.
https://www.youtube.com/watch?v=1WRekcxWoyA