მომღერალი თამარ ალადაშვილი „დღის პოსტში“ ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს. ის ორი შვილის დედაა.
„მთავარია ის, რომ გვერდზე გედგას ადამიანი, რომელიც შენს მაგივრობას გაწევს ბავშვებთან, როცა ჩემსავით გარეთ ხარ გავარდნილი… ჩემი მეუღლე ბავშვების აღზრდაში ჩართულია. ისევ მიძღვნის ლექსებს, სხვათა შორის, დაღლილობის ჟამს არის მომენტები, როცა გინდა მიეყუდო სავარძელს, უხეშად რომ ვთქვა, ამის საშუალებასაც მაძლევს. რომ მეძინება და ვიცი, რომ ეს მჭირდება, მეუბნება, შედი, დაიძინე… მადლობა მას ასეთი გვერდში დგომისთვის.
როგორია შერიგება მეუღლესთან კონფლიქტის მერე?
შერიგება ყველაზე ტკბილია. ხანდახან ვეძებ მიზეზს, რომ მერე იყოს ტკბილი შერიგება (იცინის). არის თემები, საოჯახო, რომელზეც გვიწევს კამათი. ჩვენი ღირებულებები არის ერთნაირი, მაგრამ ზოგჯერ ვკამათობთ. მაქსიმალურად ვცდილობ, მის ჭეშმარიტებას გავუგო და ისიც ასე ფიქრობს, ზუსტად ვიცი. ბოლოს ვჩუმდებით ხოლმე. გაჩუმება ძალიან რთულია კამათში და ჩვენ ორივე ვჩუმდებით. მერე არის თვალებში შეხედვა და სიცილი, რა გვინდოდა ერთმანეთისგან…
დედამთილზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა…
საყვარელი ადამიანის დედა უპირობოდ უნდა გიყვარდეს. სადაც შედიხარ, იქ ყველაფერი უნდა გიყვარდეს ადამიანს. თუ ეს შენში არ გააღვიძე და შეხვედი პირდაპირ აგრესიით, ასეთი პრინციპით ადამიანი ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ. გარემოში სწორად თუ არ შეხვედი, ისიც არ მიგიღებს სწორად და მერე იწყება კონფლიქტები. შევედი თუ არა, ხელგაშლილი დამხვდა და მეც ჩავეხუტე. ჩემი გაზაფხული მოფრინდაო, ასე მეძახის. ამაზე ტკბილს ვერაფერს მეტყვის…