კულტურული ფენომენის სტატუსის მქონე ამერიკული ბრენდი DeLorean-ი ახალ მიმართულებას ირჩევს და მფრინავი ელექტრო აპარატების რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. კომპანია Airspeeder International Series-ის ჩემპიონატში აშშ-ის გუნდს წარადგენს, რომლის დებიუტიც 2026 წლის ნოემბერში, ახალი სეზონის დაწყებისას შედგება.
პირველ სეზონში გუნდი სტანდარტულ Airspeeder Mk3C აპარატს გამოიყენებს, რომელსაც DeLorean-ის სტილში გააფორმებენ. 2027-2028 წლების სეზონისთვის კი კომპანია საკუთარი სარბოლო აპარატის შექმნაზე იმუშავებს, რაშიც ამერიკული უნივერსიტეტების, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის კამპუსისა და ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ინჟინერიის სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

Airspeeder-ის ჩემპიონატი ელექტრო აპარატებით სამგანზომილებიან სივრცეში რბოლას გულისხმობს. მონაწილეები ელექტრო ძრავებზე მომუშავე, ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების უნარის მქონე აპარატებით იასპარეზებენ. მათ მართვაში გამოიყენება ფრენის თანამედროვე სისტემები და შეჯახების თავიდან აცილების ტექნოლოგიები.
DeLorean-ის მონაწილეობა განსაკუთრებით სიმბოლურია: ბრენდი ფართო აუდიტორიამ 1980-იანი წლების ფილმით – „უკან მომავალში“ გაიცნო, სადაც მისი ავტომობილი დროის მანქანად იქცა. ახლა კომპანია ამ ცნობადობის გამოყენებას ახალი თაობის საჰაერო ტრანსპორტის განვითარებისთვის ცდილობს.
Airspeeder-ის ორგანიზატორების მიზანია, შეჯიბრებებმა ხელი შეუწყოს ელექტრული საფრენი აპარატების ტექნოლოგიის, მართვის სისტემებისა და უსაფრთხოების განვითარებას. სამომავლოდ ამ სფეროში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საჰაერო ტაქსებისა და სხვა სამოქალაქო ელექტრო აპარატების შექმნაზეც.