LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დელტა” საუდის არაბეთს სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის

28

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ”დელტა“ საუდის არაბეთს 100-ზე მეტ სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებს მიაწვდის.

როგორც ”ავტორადიოს” ”დელტადან” აცნობეს, საქართველოს სამხედრო ტექნიკურმა ცენტრმა საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა.

“დელტას” მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე  ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის  27 აგვისტოს  გაიგზავნა. მანქანის ტესტირებები კი 1-დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა. საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა – მათ შორის: მანევრირება მაღალ და დაბალ სიჩქარეებზე, მუხრუჭების, აჩქარების, მაქსიმალური სიჩქარის ტესტი, გამავლობის შემოწმება მაღალმთიან და უდაბნოს პირობებში, ძრავისა და სავალი ნაწილების მაქსიმალური დატვირთვის შემოწმება 40 კილომეტრიანი გარბენის პირობებში ზღვრულ სიჩქარეებზე. სულ ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა – როგორებიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat,”- განაცხადეს “დელტაში”.

”დელტას” ცნობით, ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების  ყველა ეტაპი და გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-თან ერთად. თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა. 2015 წლის დასაწყისში კომისიის მიერ  სსსტც ”დელტას“ წარედგინა კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც ”დელტამ“ დაამზადა კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი.

2015 წლის მარტში ”დელტას” ეწვია საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია. მათ შეაფასეს “დელტას” საწარმოო ბაზა და დაათვალიერეს მათი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული უახლესი სამედიცინო ჯავშანმანქანა. 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონ ლარამდეა.

როგორც სამხედრო სამეცნიერო ცენტრში აცხადებენ, კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ  „დელტა“, კვლავ განაგრძობს თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მიაწოდებს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები