LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტალური ინფორმაცია აირბალონიანი მანქანების ინსპექტირებაზე

49

გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება სავალდებულო გახდა. მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, გაზზე მომუშავე ავტომობილები წლოვანების მიხედვით დაიყოფა და სავალდებულო შემოწმების ვადებიც განსხვავებული იქნება.

  • 20  და მეტი წლოვანების ავტომობილები – 2018 წ.1 იანვრამდე;
  • 17-19 წლამდე ავტომობილები – 2018 წ. 1 იანვრამდე;
  • 14-16 წლამდე ავტომობილები  – 2018 წლის 1 ივლისამდე;
  • 11-13 წლამდე ავტომანქანები – 2019 წლის 1 იანვრამდე;
  • 10 წლამდე ავტომანქანები – 2019 წლის 1 ივნისამდე. 

უკვე ცნობილია ის კრიტერიუმებიც, რასაც ინსპექტირების გასავლელად აირბალონზე მომუშავე ავტომანქანები უნდა აკმაყოფილებდეს: 

  • აირაბოლონის დამტენი და მანომეტრი არ არ უნდა იყოს საბარგულში დამონტაჟებული;
  • გაზის მილი უნდა იყოს 32 მმ-იან გოფრირებულმილში;
  • აირბალონის დამჭერი სალტეები უნდა იყოს მილიმეტრნახევარი სისქის და 4-5 სმ სიგანის;
  • ყველა აირბალონიან ავტომობილს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი.

შემოწმებისას აირბალონი იცლება აირისგან,  ხდება გამორეცხვა და იტუმბება  300 ატმოსფერო წნევით, თუ აირბალონი ამ პროცედურებს გაუძლებს, მფლობელზე  სერთიფიკატი გაიცემა.

იტალიურ აირბალონზე   ხუთწლიანი სერთიფიკატი გაიცემა, სხვა დანარჩენზე კი  – 3 წლიანი. ინსპექტირების ღირებულება 130 ლარია. 

აირბალონებზე მომუშავე ავტომანქანების მძღოლები ინსპექტირების  მაღალ ფასს და სერვისცენტრებში არსებულ რიგებს აპროტესტებენ.

„130 ლარი მხოლოდ ტექდათვალიერების სერტიფიკატი ღირს. ამას დავუმატოთ იმ ხარვეზების გამოსწორების ღირებულებაც, რომელიც მანქანას ექნება და ფასი 200 ლარს გადააჭარბებს. თან ზუსტად არც ვიცით, როდის,  სად უნდა გავაკეთოთ ტექდათვალიერება. ამბობენ, რომ რიგებია სერვისცენტრებში. მძღოლები ერთმანეთისგან ან ინტერნეტით ვიღებთ ინფორმაციას,“  – ამბობს „ფორტუნასთან“ ავტომობილის მფლობელი, დათო ნერგაძე.

2017 წლის მონაცემებით ქვეყანაში 200 000 -ზე მეტი ავტომობილი მუშაობს აირზე. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტირების პროცედურა  ქვეყნის მაშტაბით მხოლოდ 2 კომპანიაში ტარდება, რუსთავსა  და თბილისში.

როგორც „ ფორტუნას“  შპს.“აირბალონის“  ტექდათვალიერების მენეჯერმა განუმარტა, ცენტრში  დღეში, მაქსიმუმ, 24 მანქანის შემოწმებაა შესაძლებელი. 

„ტექდათვალიერების მსურველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ივნისში იყო,  როცა  გაიგეს, რომ ტექდათვალიერება სავალდებულო ხდებოდა, შემდეგ ნაკადმა ოდნავ იკლო და სექტემბრიდან ისევ რიგები დაიწყო.  ჩვენს მიერ შემოწმებული მანქანების 90% აირბალონი დარღვევებით ჰქონდა დამონტაჟებული,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გიორგი ხვედელიძემ.

მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 1 იანვრის შემდეგ  დაჯარიმდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები