საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდის 12-ვე წევრმა, თელა ვივის არენაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა და გახსნის მძიმე დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაშია.
საქართველოს და ლიტვის ნაკრებების ბოლო წლების დაპირისპირებებიდან თითქმის ყველა შეხვედრა უკომპრომისო იყო, გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებზე წყდებოდა.
2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ლიტვის ნაკრებმა ჩვენი გუნდი ბოლო წამებზე დაამარცხა, არადა იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი გამაჯვებასთან ახლოს იყო. ერთი თვის წინ ილიას ზუროსის თავკაცობით ამხანაგურ ტურნირზე საქართველომ ლიტვას მოუგო, თუმცა იმ შეხვედრაში ლიტველებს რამდნეიმე ლიდერი არ ჰყავდათ, ისევე როგორც საქართველოს.
ვარჯიშის შემდეგ კალათბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა კომენტარები გააკეთეს. დარბაზში მრავლად იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი ლიტველები აქტიურობდნენ, რომლებმაც გამორჩეული ყურადღება ზაზა ფაჩულიას მიმართ გამოიჩინეს და დაახლოებით 20 წუთი ესაუბრნენ.
შეკითხვები დაუსვევს ზუროსსაც, რომელიც მოლოდინისამებრ დიპლომატიური და თავშეკავებული იყო, ბუნებრივია რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე ბერძენი სპეციალისტი დეტალებზე ბევრს ვერ ისაუბრებდა. ჩვენი გუნდის ვარჯიშს დასრულებამდე არენაზე ლიტვის ნაკრებიც მოვიდა, რომელსაც ქართველებმა მოედანი დაუთმეს.
საქართველოს და ლიტვის დაპირისპირება 31 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.
ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება – 15:45 საათზე გერმანია უკრაინას შეხვდება, 21:30 საათზე მასპინძელი ისრაელი იტალიას ეთამაშება. მასპინძლები ამ შეხვედრას დიდი ინტერესით ელიან – ამ მატჩის თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია და “თელ ავივ არენაზე” სრული ანშლაგი იქნება.
msy.gov.ge